ტრენინგი თსსუ-ში - „საგრანტო პროექტის მომზადება და მართვა AI-ს გამოყენებით“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, „ჰორიზონტი ევროპა“-ს საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, 2-6 ნოემბერს გაიმართება ხუთდღიანი პრაქტიკული ტრენინგი - „საგრანტო პროექტის მომზადება და მართვა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“.

ტრენინგი განკუთვნილია მკვლევრებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, კვლევის მენეჯერებისთვის, საგრანტო ოფისების თანამშრომლებისა და საერთაშორისო საგრანტო შესაძლებლობებით დაინტერესებული პირებისთვის.

პროგრამის მიზანია მონაწილეებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე ხელსაწყოების პრაქტიკული, პასუხისმგებლიანი და ეთიკური გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა, განსაკუთრებული აქცენტით „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში საპროექტო განაცხადების მომზადებასა და პროექტების მართვაზე.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება AI-ის გამოყენების შესაძლებლობები, ევროკომისიის რეკომენდაციები და ეთიკური პრინციპები, ChatGPT-ის, Claude-ისა და სხვა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების პრაქტიკული გამოყენება. მონაწილეები ასევე გაეცნობიან AI-ის დახმარებით საპროექტო განაცხადების მომზადების, მიზნების, მოსალოდნელი შედეგებისა და გავლენის (Impact) განსაზღვრის, სამუშაო პაკეტების, შედეგების, ეტაპებისა და პროექტის სამუშაო გეგმის შემუშავების მეთოდებს.

პროგრამა ასევე მოიცავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საგრანტო განაცხადების შეფასებისა და გაუმჯობესების, პროექტების მართვის საკითხებს. ტრენინგი აერთიანებს თეორიულ განხილვებს, პრაქტიკულ დემონსტრაციებსა და ჯგუფურ სამუშაოებს.

ტრენინგს გაუძღვება საქართველოს კვლევისა და ინოვაციების ინსტიტუტის (GIRI) დირექტორი, დოქტორი ლუკა ქემოკლიძე.

ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. შეხვედრები გაიმართება ყოველდღე, 16:00-დან 19:00 საათამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე საკონფერენციო დარბაზში.

მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/85AV4VMJWgFH3eQA8.

ტრენინგის დღის წესრიგის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://drive.google.com/…/1YhhJVqhojYD07zhywyB18dowHZOmAiX6.

ონლაინ მონაწილეობის მსურველებს ტრენინგში ჩართვის ბმული რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ღონისძიების დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაეგზავნებათ.