თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროგრამაში - Future Sustainability Leaders (FSL) 2027, რომელსაც ორგანიზაცია - Youth 4 Sustainability (Y4S), „მასდარის“ (Masdar) გლობალური ინიციატივის ფარგლებში ახორციელებს.
ერთწლიანი პროგრამის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების განათლება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მდგრადი განვითარების მიმართულებით მომავალი თაობის ლიდერების ჩამოყალიბება. პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს პრაქტიკულ სწავლებას, სპეციალიზებულ ტრენინგებს, საგანმანათლებლო ვებინარებსა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობას.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 19-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- სწავლობენ ან გეგმავენ სწავლას საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (პროგრამა ღიაა ყველა აკადემიური მიმართულების წარმომადგენლებისთვის);
- ფლობენ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე;
- წარმოადგენენ სამოტივაციო განაცხადს, რომელშიც გამოხატული იქნება მათი ინტერესი მდგრადი განვითარების სფეროს მიმართ;
- მზად არიან, სრულად ჩაერთონ ერთწლიან პროგრამაში და შეასრულონ მონაწილეებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები.
პროგრამის მონაწილეები წლის განმავლობაში დაესწრებიან საგანმანათლებლო ვებინარებსა და ღონისძიებებს, ჩაერთვებიან Y4S-ის ინოვაციების ლაბორატორიის საქმიანობაში, მათ შორის, Innovate 4 Climate Challenge-ში, და ხელს შეუწყობენ პროგრამის პოპულარიზაციას.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისა და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს: https://www.y4s.ae/en/programs/future-sustainability-leaders-program
საკონტაქტო ელფოსტა: Y4S@masdar.ae