ფუნქციები
სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრი ჩართულია მედიცინის, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინის და რეაბლიტაციის, ფარმაციის ფაკულტეტების ძირითად სასწავლო პროგრამაში.
სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის საქმიანობა და ფუნქციები გამომდინარეობს ბოლონიის პროცესში მონაწილე ქვეყნების საბაზისო სამედიცინო განათლების კომპეტენციებიდან, რაც თავის მხრივ განისაზღვრება ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს შესაბამისად TUNING/MEDINE-ს მიერ შემუშავებული სწავლის შედეგების საფუძველზე. კურიკულუმში, აუცილებელია, ექვსწლიანი სწავლის განმავლობაში, გათვალისწინებული იყოს არანაკლებ 10 კრედიტისა სამეცნიერო უნარ-ჩვევებში.
სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის საქმიანობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
- სტუდენტს შესძინოს უნარი სამედიცინო პრაქტიკაში და კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების, მეთოდებისა და ცოდნის გამოყენების შესახებ, რის საფუძველზეც სტუდენტს შეეძლება ამოცანების მკაფიოდ ფორმულირება, ჯგუფის წევრებთან შეთანხმება, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ჯგუფის წევრთა შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება;
- განავითაროს ღრმა მეცნიერული აზროვნების, კვლევის არასრული და წინააღმდეგობრივი მონაცემების კრიტიკული ანალიზის, კვლევის დაგეგმვის და ჩატარების, კვლევის შედეგების ინტერპრეტირების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების ცოდნის გამოყენების უნარები;
- განუვითაროს დაკვირვების, მოსმენის, კითხვების დასმის, აგრეთვე არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
- შესძინოს სასწავლო, საკომუნიკაციო-საინფორმაციო რესურსების სრული სპექტრის გამოყენების, საკუთარი სწავლის პროცესის მართვის, დროის ორგანიზების, პრიორიტეტების შერჩევის, ვადების დაცვის და შეთანხმებული სამუშაოს შესრულების უნარი;
- აგრეთვე, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, მისი კრიტიკულად შეფასების, ცოდნის განუწყვეტელი განახლების უნარ-ჩვევები.
- სტუდენტს განუვითარდეს მედიცინის კონტექსტში ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების, ექსპერიმენტულ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო (ჰელსინკის საერთაშორისო დებულებების თანახმად) ბიოეთიკის კანონების შესწავლის და ფლობის უნარები.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცხოველებზე წარმოებული კვლევის ეთიკის კომიტეტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცხოველებზე წარმოებული კვლევის ეთიკის კომიტეტი შეიქმნა 2012 წელს, რომლის თავმჯდომარეა თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ღამბაშიძე.
კომიტეტი შედგება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული 16 წევრისაგან (აკადემიური პერსონალის, მოწვეული პედაგოგის, ვეტერინარის, იურისტის, სამეცნიერო უნარ-ჩვევების სწავლების ცენტრის, თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის და თსსუ-ის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელი).
თსსუ-ის ცხოველებზე წარმოებული კვლევის ეთიკის კომიტეტის მიზანია უნივერსიტეტის ფარგლებში ლაბორატორიულ ცხოველებზე წარმოებული ბიოსამედიცინო კვლევების საერთაშორისოდ აღიარებულ ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა კვლევის გეგმის და მეთოდოლოგიის შეფასების გზით.
კომიტეტს წერილობითი და ელექტრონული ფორმით მიეწოდება განცხადება ბიოსამედიცინო კვლევის გეგმის ეთიკური შეფასების მოთხოვნის შესახებ და მკვლევარის მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კვლევაზე პასუხისმგებელ პირთა კვალიფიკაციის და თანამდებობის, კვლევის მიზნის, ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარების აუცილებლობის, ცხოველის შერჩევისა და გამოყენებული მეთოდების მეცნიერული დასაბუთების, ექსპერიმენტის ხანგრძლიობის, მოსალოდნელი რისკის და სხვათა შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კომიტეტი ითხოვს დამატებით ინფორმაციას, რომელიც კვლევის პროექტის ეთიკური შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის არის აუცილებელი.
თსსუ-ის ცხოველებზე წარმოებული კვლევის ეთიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილება და მტკიცდება კომიტეტის წევრების და რეცენზენტის/ექსპერტების მიერ მომზადებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება.
მკვლევარს მოთხოვნისამებრ ეძლევა ამონაწერი ოქმიდან, რომელშიც მითითებულია კვლევის გეგმის განხილვის შედეგი და კომიტეტის დასკვნა.
სადოქტორო კვლევის პროგრამის შემთხვევაში, როგორც პროგრამა (მას შემდეგ, რაც იგი დადებითად იქნება შეფასებული ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ), ასევე, მისი ელექტონული ვერსია და პროგრამის ხელმძღვანელის მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმები კომიტეტს გადაეცემა სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორნატურის სამსახურიდან.
საგრანტო პროექტის ან სხვა ნებისმიერი ექსპერიმენტულ-კვლევითი პროექტის შემთხვევაში, კვლევის პროექტთან, შევსებულ სააპლიკაციო ფორმებთან და მათ ელექტონულ ვერსიებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს განცხადება თსსუ-ს ცხოველებზე წარმოებული კვლევის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე პროექტის შესაფასებლად.