კვლევის ეთიკის კომიტეტი

საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების მიხედვით, აგრეთვე, თსსუ დოქტორანტურის შესახებ დებულების შესაბამისად, აუცილებელია ადამიანსა და/ან მის ბიოლოგიურ მასალებსა და მონაცემებზე ჩასატარებელი კვლევის ეთიკური შეფასება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო კვლევების ეთიკურ შეფასებას ახორციელებს „თსსუ ბიოსამედიცინო კვლევის ეთიკის კომიტეტი“ (შემდგომ „თსსუ კვლევის ეთიკის კომიტეტი“), რომელიც თავის საქმიანობის წარმართავს დებულების საფუძველზე.

ადამიანსა და/ან მის ბიოლოგიურ მასალებსა და მონაცემებზე ჩასატარებელი ნებისმიერი კვლევა, რომელიც იგეგმება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარგლებში, მათ შორის სადოქტორო პროგრამების ფარგლებში დაგეგმილი კვლევები, ეთიკური შეფასებისათვის უნდა გადაეცეს თსსუ კვლევის ეთიკის კომიტეტს.

თსსუ კვლევის ეთიკის კომიტეტი შეიქმნა 2007 წელს. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული აქვს სამოცზე მეტი სხდომა, რომლის დროსაც შეფასდა ორასამდე ბიოსამედიცინო კვლევის გეგმა.

2015 წლიდან თსსუ კვლევის ეთიკის კომიტეტი რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანის სერვისების დეპარტამენტის (DHHS) კვლევის სუბიექტის დაცვის ოფისის (OHRP) მიერ და მოპოვებული შესაბამისი ფედერალური გარანტია. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ თსსუ კვლევის ეთიკის კომიტეტს შეუძლია აშშ–ს მთავრობის მიერ დაფინანსებული ბიოსამედიცინო კვლევების ეთიკური შეფასება. 

ქვემოთ მოცემულია ბმულები, სადაც შესაძლებელია კომიტეტის დებულებისა და კვლევის ეთიკური შეფასებისათვის წარსადგენად აუცილებელი საბუთების, აგრეთვე სხვა დამატებით ინფორმაციის გაცნობა. 

• თსსუ კვლევის ეთიკის კომიტეტის დებულება
• განმარტებები ეთიკური შეფასებისათვის კვლევის გეგმის წარდგენის შესახებ
• კვლევის გეგმის წარსადგენი განაცხადის ფორმა
• ინფორმირებული თანხმობის ფორმის ნიმუში