კარგი აკადემიური მოსწრებისა და სხვა მიღწევებისთვის უნივერსიტეტმა დები გვაზავები დააჯილდოვა

26 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორებთან: პროფესორ ხათუნა თოდაძესთან და ასოც. პროფესორ ირაკლი კოხრეიძესთან ერთად, ასევე მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ თინათინ ჩიქოვანთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გიგა სორდიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახურის უფროსთან თამარ სტეფანიშვილთან ერთად, მედიცინის ფაკულტეტის  სტუდენტებს, დებს : ნანული, ჯონეტა და რომინა გვაზავებს შეხვდა.

ნანული გვაზავა მე-5 კურსის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც 2013 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგებით იყო პირველი თსსუ-ის რეიტინგში. გარდა ამ წარმატებისა, ნანული გახდა ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადის (ბერნი, შვეიცარია) გამარჯვებული და პირველი მედლის (ბრინჯაო) მფლობელი საქართველოდან.

მეორე და, ჯონეტა გვაზავა მედიცინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი და პრეზიდენტის სტიპენდიანტია. ჯონეტამ დის კვალდაკვალ საერთაშორისო ასპარეზზეც აჩვენა წარმატება - ისიც ბიოლოგიის  საერთაშორისო ოლიმპიადის (ინდონეზია)  გამარჯვებული  და ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

უმცროსმა დამ, რომინა გვაზავამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2017-წელს ჩააბარა, ის მედიცინის ფაკულტეტის ერთ-ერთი წარჩინებული პირველკურსელია. რომინაც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში. მან მონაწილეობა უკვე მიიღო ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში (ვიეტნამი).

შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭორიამ, მიულოცა წარმატება სტუდენტებს და  კარგი აკადემიური მოსწრებისა და სხვა მიღწევებისთვის, მოტივირებისა და წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო გადასცა. 

"პირველ რიგში მინდა მივულოცო წარმატება ჩვენს სტუდენტებს. როგორც ქართველი, ნამდვილად ამაყი და მოხარული ვარ, რომ ასეთი მოტივირებული და მომავალზე ორიენტირებული ახალგაზრდები ყავს საქართველოს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ერთი ოჯახიდან. დედმამიშვილებმა აბაშის პირველი საჯარო სკოლა დაამთავერეს. მინდა ახალგაზრდების წარმატება ამ სკოლის პედაგოგიურ კოლექტივსაც მივულოცო, მივულოცო მათ მშობლებს და ოჯახის წევრებს.“  აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ.