აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადების კურსი თსსუ-ში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, პროფესორ ზაზა ბოხუასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ქალბატონ ქეთევან ბაკარაძის ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტმა ორგანიზება გაუწია აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული საშუალო სამედიცინო პერსონალის (ექთნების) გადამზადების კურსს.

კურსის ფარგლებში თსსუ-ის კლინიკურ ბაზებზე, ასევე კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში  ექთნებს ჩაუტარდათ ტრეინინგები  სხვადასხვა მიმართულებით: პაციენტთან კომუნიკაცია და კონსულტირება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა, ინფექციის კონტროლის პრინციპები, პირველადი გადაუდებელი დახმარება, პაციენტი თერაპიული, ქირურგიული და პედიატრიული პრობლემებით, საექთნო საქმის კლინიკური უნარ-ჩვევები.

„გადამზადების კურსი წარმატებით ჩატარდა, ტრენინგში მონაწილე ექთნები გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით და ამასთანავე, შესაშური მონდომებით. არ შეიძლება არ გაესვას ხაზი, რომ აფხაზეთზე უსაზღვროდ შეყვარებულები თავიანთი პროფესიით უანგაროდ ემსახურებიან საკუთარ ხალხს.“ - აღნიშნავს  თსსუ-ის პროფესიული პროგრამების კოორდინატორი, ქალბატონი მედეა ჯღარკავა.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ პროექტში მონაწილე ექთნებმა,  მადლობის წერილით, უდიდესი მადლიერება გამოხატეს პროექტის ინიციატორების და ორგანიზატორების მიმართ.