თსსუ-ის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ატლანტაში, ემორის სამედიცინო სკოლაში

2018 წლის 5 აგვისტოდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლები ამერიკული პროგრამის დირექტორის, ეკა ეკალაძის, დირექტორის მოადგილის, ნინო თევზაძისა და სპეციალისტის, ნინო ზარდიაშვილის შემადგენლობით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ემორის სამედიცინო სკოლაში (ატლანტა, აშშ).

ვიზიტის მიზანი იყო დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის იმპლემენტაციის ხელშეწყობა, არსებული მდგომარეობის გააზრება და შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა. ასევე, ახალი სასწავლო წლის „თეთრი ხალათების ცერემონიისთვის“ მომზადება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის გამოსამშვიდობებელი ღონისძიების დაგეგმვა ემორის წარმომადგენელთა მონაწილეობით და მათი გამოცდილების გაზიარებით. სამუშაო შეხვედრებისას განსაკუთრებული აქცენტი იყო პროგრამის ე. წ. „კლინიკურ წლებზე“.

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლებმა სასწავლო პროცესის სხვადასხვა სფეროს დეტალური გაცნობის მიზნით გამართეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა:

აღნიშნული შეხვედრები ემსახურებოდა ემორის კურიკულუმის სპეციფიკის უკეთ გაცნობას; აკადემიური პერსონალის როლის, ჩართულობის ხარისხისა და პასუხისმგებლობის გაცნობას; კურიკულუმის განვითარებისა და სასწავლო პროცესის სხვადასხვა საკითხის მოგვარების სპეციფიკის შესწავლას. ამ მიზნით თსსუ-ის წარმომადგენლები დაესწრნენ რამდენიმე ლექციას, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას.

პროფესორ გორდონ ჩერჩვორთან და მერი ჯო ლეკოვიჩთან განხილულ იქნა პროგრამის მიმდინარე საკითხები, პრობლემები, მათი გადაჭრის გზები. განსაკუთრებული აქცენტი დაისვა მისაღები სტუდენტების კონტიგენტის შერჩევის გზებზე, პროგრამის ადმინისტრაციულ ჯგუფში კომპეტენტური კადრების მოზიდვაზე, კლინიკურ წლებში ამერიკული ყაიდის სწავლების არსებული სიძნელეების მოგვარების გზებსა და კურსის „გახდი ექიმის“ მნიშვნელობაზე. რაკი ეს უკანასკნელი პროგრამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, მისი კიდევ უფრო განვითარების მიზნით დაიგეგმა რამდენიმე ამერიკელ კოლეგასთან კოლაბორაცია. მათთან „გახდი ექიმის“ კურსის პედაგოგებს ექნებათ უშუალო კონტაქტი.

თსსუ-ის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ პროფესორი კენეტ ვოკლერის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც ემორის უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული და რომლის დაგეგმვაში აქტიურად იყო ჩართული ქართული მხარეც. საღამოს ესწრებოდა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი ვიკას სუქათმე.

ვიზიტისას თსსუ-ის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლები შეხვდნენ ატლანტაში მოღვაწე ქართველ ექიმებს. ნათია ესიაშვილმა და ქეთევან კობაიძემ მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს და ამერიკული პროგრამის სტუდენტებთან მჭიდრო კავშირს დაპირდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის ამერიკული პროგრამის განვითარების თვალსაზრისით დაისახა მრავალი გეგმა.