“ვარდისფერი ოქტომბრის” ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

“ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანიის ფარგლებში 2018 წლის 15 ოქტომბერს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით “ ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო”.  


ღონისძიების ფარგლებში სასწავლო კორპუსების ეზოში მოეწყო სპეციალური კუთხე, ვარდისფერი ბუშტებითა და თემატური ბანერით, სადაც სტუდენტებმა კიდევ ერთხელ  გამოუცხადეს მსოფლიოს სოლიდარობა ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში. 

თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში კი გაიმართა საჯარო ლექცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ წაიკითხა.  აუდიტორიამ დიდი ინტერესით მოისმინა ინფორმაცია ძუძუს კიბოს პრევენციულ ღონისძიებებზე,  გავრცელების სტატისტიკაზე და დაავადებასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებზე.  

ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც თსსუ-ის სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.  

ემოციური იყო “ევროპა დონა საქართველოს” წარმომადგენლების გამოსვლა, რომლებმაც პრევენციისკენ მოუწოდეს ქალბატონებს.  “ ეს გამოწვევაა, რომელსაც ღირსეულად უნდა შეხვდე და ბრძოლის ველი არ დატოვო” - აღნიშნა ქალბატონმა ანა მაზანიშვილმა ( “ევროპა დონა საქართველოს” პრეზიდენტი).

შეგახსენებთ, ოქტომბერი   ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული და “ვარდისფერ ოქტომბრად” იწოდება.  ვარდისფერი ბაფთა კი ამ კამპანიის განუყოფელი   ნაწილია.  ოქტომბრის  თვეში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით არაერთი კამპანია ეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის  მიზანია, გაზარდოს ცნობადობა ძუძუს კიბოს რისკების შესახებ, გაავრცელოს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმებისა და კიბოს სკრინინგის აუცილებლობაზე.