ტრადიციული საღამო აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, უკვე მეშვიდედ, ტრადიციად ქცეული საღამო მოაწყო აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან წარმატებებით აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით.

მაგთი-კლუბში, სადაც ყოველწლიურად იმართება 17 ნოემბრის შეხვედრა, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. საღამო გახსნა და აუდიტორიას მიესალმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში 17 ნოემბერს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღნიშნავენ. სწორედ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით მალე დადგება დღე, როცა ეს შეხვედრა აფხაზეთში გაიმართება.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ და სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა.

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საჩუქრები გადასცა.

განსაკუთრებული საჩუქრები მოამზადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმაც თავისი წარმატებული დევნილი სტუდენტებისთვის,  რომლებიც თსსუ-ის ვიცე-რექტორმა,  ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს: გვანცა ფოფხაძეს და მიხო ტუფურიას;  ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტს, დიმა ხურციას; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტს, მირანდა ფოცხორაიას; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტს,  აკაკი ფიფიას; საექთნო საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს: სოფო ჭკადუას.

ბატონმა ირაკლი კოხრეიძემ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განსაკუთრებით ამაყობს თავისი სტუდენტებით, აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს კი ძალიან დიდი მისია აკისრიათ, სწორედ მათ უნდა იტვირთონ ჩატეხილი ხიდების გამთელება აფხაზ თანატოლებთან. ამ საქმეში სრულიად საქართველო მათ გვერდით იდგება. მან გულითადად მიულოცა 17 ნოემბერი სტუდენტებს და წარმატებები უსურვა მომავალ ცხოვრებაში.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი  და სასიხარულოა ეს ყურადღება. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა, მიხო ტუფურიამ, ყველა სტუდენტის სახელით უდიდესი მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვაენლებს სტუდენტების შრომის დაფასებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მალე მართლაც გამთლიანდება საქართველო და ამაში თითოეული მათგანი შეიტანს საკუთარ წვლილს.