თსსუ-ის რექტორის ტრადიციული შეხვედრები სტუდენტებთან დაიწყო

19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ უნივერსიტეტის სტუდენტებთან ტრადიციული შეხვედრების ციკლი დაიწყო . პირველი შეხვედრა  ქართულენოვანი   პროგრამების V - XII სემესტრების სტუდენტებთან,  მაგისტრანტებთან და  დოქტორანტებთან გაიმართა.  შეხვედრის ძირითადი მიზანი სტუდენტებთან ერთად აკადემიური პროცესის მიმდინარეობისა და ადმინისტრირების საკითხების, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და  ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა იყო.

დისკუსიის დაწყებამდე,  განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, პრეზენტაცია წარადგინა თსსუ-ის კანცლერის მოადგილემ, ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ რომელმაც თავის გამოსვლაში  აღნიშნა , რომ ადმინისტრაცია ყოველთვის ცდილობს გაიგოს სტუდენტების კომენტარები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და მოახდინოს რეაგირება მათზე. 
 „სტუდენტური თვითმმართველობის დახმარებით არაერთხელ ჩატარდა გამოკითხვა ინფრასტრუქტურის მიმართულთულებით არსებული პრობლემების შესახებ, ადმინისტრაციის მხრიდან მისი მოგვარების მიზნით.  მაგალითისთვის,  მინდა აღვნიშნო სტუდენტების მიერ დასახელებული, ადმინისტრაციული კორპუსის  ლიფტების პრობლემა  და გაცნობოთ, რომ მისი რეკონსტრუქციის პროცესი მიმდინარეობს და მალე დასრულდება“. აღნიშნა ბატონმა ალექსანდრემ.

„ERASMUS +“-ის კოორდინატორმა, ქალბატონმა ნინო კანდელაკმა  გააკეთა პრეზენტაცია აღნიშნულ პროგრამაში არსებული შესაძლებლობების, მასში მონაწილეობისთვის გასავლელი პროცესების შესახებ, ისაუბრა სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტთან ურთიერთობის შესახებ.  
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს რათა  განავითაროს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომლებთან თანამშრომლობაც, თითოეული ფაკულტეტის სტუდენტს, შესაძლებლობას მისცემს ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში.“  - აღნიშნა ქალბატონმა ნინომ.

დამსწრე სტუდენტებს ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება  მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა სოფო გვერდწითელმა გაუზიარა, რომელიც გაცვლითი პროგრამით მე-8 სემესტრში უნგრეთში, დებრეცენის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. სტუდენტმა მადლობა გადაუხადა თსსუ-ის ადმინისტრაციას ამ შესაძლებლობისთვის და აღნიშნა, რომ ეს იყო საუკეთესო გამოცდილება როგორც სწავლის, ასევე საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის განვითარების კუთხით.  

შეხვედრის მნიშვნელოვან ნაწილზე, კითხვა-პასუხის რეჟიმზე, გადასვლისას პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მიმართა სტუდენტებს და  მოუწოდა მათ აზრის გამოხატვისკენ:
„სტუდენტი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაა უნივერსიტეტში, ამიტომაც თქვენი აზრი ყველაფერთან დაკავშირებით უაღრესად საინტერესოა, მითუმეტეს, რომ ეს თქვენი უნივერსიტეტია და ასე იქნება მუდამ, მას მერეც, რაც უნივერსიტეტს დაამთავრებთ და პროფესიონალები გახდებით. ამიტომ ჩვენ ვართ მზად მოვისმინოთ თითოეული თქვენგანის წინადადება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ერთად ვიმუშაოთ მათზე."

სტუდენტებმა დააფიქსირეს აზრი  სასწავლო თუ ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მათ განუცხადა, რომ არცერთი საკითხი არ დარჩება ყურადღების და რეაგირების გარეშე და მოუწოდა მათ მუშაობის პროცესში ჩართვისკენ.

შეხვედრები გრძელდება. გაცნობებთ, რომ 26 ნოემბერს, 15:00 საათზე  ქართულენოვანი პროგრამების  I - IV  სემესტრების სტუდენტებთან გაიმართება მომდევნო შეხვედრა, დეტალებისთვის იხილეთ ბმული.