რიგით მეორე ჰისტოლოგიური ვიქტორინა წარმატებით განხორციელდა

2018 წლის 20 ნოემბერს  თსსუ-ის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, რიგით მეორე  ჰისტოლოგიური ვიქტორინა  გაიმართა. ღონისძიების მთავარ მიზანს სტუდენტებში სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა და სხვადასხვა უნარების განვითარება წარმოადგენდა. 

„ვიქტორინაში მოწოდებული სხვადასხვა სირთულის თავსახტეხი, გამოცანა, თუ რებუსი გათვლილი იყო სტუდენტების სისხარტეზე, მხედველობით მეხსიერებაზე, ანალიტიკურ აზროვნებაზე, გუნდურობის პრინციპის შემუშავებაზე. თითოეული უნარი მნიშვნელოვანია ექიმის წარმატებული საქმიანობისთვის  და ჩვენი ვიქტორინის მიზანს, სწავლისადმი ინტერესის გაზრდასთან ერთად, სტუდენტებში სწორედ ამ უნარების განვითარება წარმოადგენდა. სტუდენტების გამოძახილიც საკმაოდ მაღალი იყო, ამ ეტაპზე მონაწილეთა რიცხვი, წინა ვიქტორინასთან შედარებით, კიდევ უფრო გაიზარდა.“  - აღნიშნა თსსუ-ის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ. სწორედ მისი  ავტორობითა და მხარდაჭერით, უკვე მეორედ, აღნიშნული ღონისძიება წარმატებით ხორციელდება.

ვიქტორინაში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 7 სხვადასხვა გუნდი მონაწილეობდა.  თამაში ,  ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის  დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორის ნათია გუჯაბიძის მოდერატორობით, 4 ეტაპად წარიმართა. შეჯიბრი საინტერესო და საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, ერთ-ერთ ეტაპზე საჭირო გახდა ბლიც ტურის გამოიყენებაც. საბოლოოდ, ფინალში  გამარჯვებული „ ჯგუფი №4“  გახდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ:  ღვედაშვილი ანი, მაისურაძე ციცი, ბოიკო ეკატერინე, დეკანოიძე ლიკა, ბადრიძე დავითი, რომაშვილი ნინი, დოლიძე იანა. 

კომპეტენტურმა ჟიურიმ, პროფესორ ლიანა კიკალიშვილის, პროფესორ ასმათ შუკაკიძის, პროფესორ ირინა კვაჭაძისა და პროფესორ  თინათინ ჩიქოვანის შემადგენლობით, გამარჯვებული გუნდის წევრები სიმბოლური საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე ჯილდოები   ვიქტორინის ტექნიკურ მხარდამჭერებსაც - სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებსაც გადაეცათ. სერტიფიკატებით დაჯილდოვდა პროექტის თითოეული მონაწილე, განსაკუთრებული სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, ასევე, ბლიც კითხვების გამარჯვებულებს და გუნდების კაპიტნებს შორის საუკეთესოს.