XXXXI საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია

2018 წლის 7 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, სოციალური პედიატრიისა და ჯანმრთელობის მიმართულებით, რიგით XXXXI  საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის ორგანიზებაც, უნივერსიტეტთან ერთად, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა, საქართველოს ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერების აკადემიამ, ორგანიზაცია - FRONTERA EASTERN GEORGIA- მ და სხვა პარტნიორმა ორგანიზაციამ გასწია.

ღონისძიება სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა კონფერენციის საერთაშორისო მნიშვნელობაზე, წარმოადგინა ორგანიზაციების მიერ  გამოცემული ჟურნალ-გაზეთების მკითხველთა სტატისტიკური მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით. პროფესორმა, ასევე,  ისაუბრა საქართველოს მასშტაბით განხორციელებულ  საქველმოქმედო აქციებთან დაკავშირებით, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები. 

მისალმების შემდეგ გაიმართა ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებმა სხვადასხვა დამსახურებისთვის დააჯილდოვეს ექიმები და პროფესორები. ქების სიგელი  გადაეცათ მაღალ მთიან რეგიონში მოღვაწე ექიმებს.  დიპლომითა და სიგელით დაჯილდოვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები: ქალბატონი რიმა ბერიაშვილი და ბატონი  ყარამან ფაღავა. კონფერენციის ისტორიაში აქტიური მოღვაწეების: პროფესორ ირაკლი ფაღავას, პროფესორ გიორგი ყიფიანის, პროფესორ ვიქტორ მოროშკინის, პროფესორ თემურ ტონიას ხსოვნის პატივსაცემად, ორგანიზატორებისგან  მადლობის სიგელი მათი ოჯახის წევრებს გადაეცათ.   ღონისძიების საინიციატივო ჯგუფმა 41-ე კონფერენციაზე პირველად წარადგინა ჯილდო წლის გამორჩეული პერსონისთვის,  2018 წელს ასეთ პერსონად მათ , ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაასახელეს.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაიმართა პლენარული სხდომები, სადაც მომხსენებლების მიერ წარმოდგენილ იქნა პროექტების ანგარიშები. სხდომები პედიატრიისა და მომიჯნავე სპეციალობების თანამედროვე აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა. 

ღონისძიებაზე ახალგაზრდა სპეციალისტთა, რეზიდენტთა და დოქტორანტთა რიგით 23-ე კონფერენციაც გაიმართა .