თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა „ნაყოფის გულისცემის მონიტორინგი“. პროგრამა მომზადებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის მიერ. აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ფარგლებში. პროგრამა განკუთვნილია მეანობა–გინეკოლოგიაში სერტიფიცირებული ექიმებისათვის. პროგრამის წარამტებით დაძლევის შემთხვევასი ექიმებს მიენიჭებათ 12 უპგ ქულა.
პირველი ტრენინგი ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა ბაიების ექიმებისთვის, თსსუ-ის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელლმძღვანელმა, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა თენგიზ ასათიანმა განახორციელა. ტრენინგი ორდღიანია:
„ტრენინგის მიმდინარეობისას განვიხილავთ ნაყოფის კარდიომონიტორინგის იმ ასპექტებს, რომლებიც მეანობა–გინეკოლოგიის აქტუალურ და მტკივნეულ მხარეს ეხება. მოგეხსენებათ საკეისრო კვეთის ოპერაციის რაოდენობრივი მაჩვენებელი მაღალია. ახალი მეთოდები და მიდგომები, რომლებსაც ექიმები შეისწავლიან ტრენინგის ფარგლებში და რასაც დაამკვიდრებენ პრაქტიკაში ხელს შეუწყობს ამ მაჩვენებლის შემცირებას.“- აღნიშნა პროფესორმა თენგიზ ასათიანმა ჩვენთან საუბრისას.
ტრენინგების მიზანს უწყვეტი პროფესიული განვითარება და ექიმებისთვის სამედიცინო სფეროში არსებული ახალი ტენდენციების, მიდგომებისა და მეთოდების შესწავლა წარმოადგენს. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ტრენინგები ეტაპობრივად ყველა სპეციალობას მოიცავს და ჩატარდება რეგიონებში მოღვაწე ექიმებისთვისაც.