2019 წლის 20 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის აფილირებულ და პარტნიორ კლინიკებსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ-ის ადმინისტრაცია, უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტებისა და კლინიკების ხელმძღვანელები.
შეხვედრა ოფიციალურად გახსნა და სტუმრებს მიესალმა თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც უნივერსიტეტის აფილირებული და პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, მჭიდრო თანამშრომლობისათვის და ისაუბრა ურთიერთობების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე, თსსუ-ის მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ კლინიკურ დარგში, პროფესორმა გია ბურკაძემ წარადგინა პრეზენტაცია პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის შესახებ, სადაც დაწვრილებით განიხილა ახლად დაფუძნებული ლაბორატორიის შესაძლებლობები და უპირატესობები. პრეზენტაციამ დამსწრეთა საზოდადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, დაისვა შეკითხვები, რომელსაც მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა.