შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

2018 წლის 5 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ინიციატივით საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენლები მიიღო. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებთან ამ სახის მასშტაბური შეხვედრა პირველად ჩატარდა პატრიარქის რეზიდენციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ: პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი, ქ-ნი მარიამ ჯაში, სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), მათ შორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური და  სტუდენტური თვითმმართველობა. 

საუბრისას ხაზი გაესვა სტუდენტების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებულ ღონისძიებებს. ახალგაზრდების მიერ გამოითქვა სურვილი, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოს საპატრიარქოსთან და ერთობლივად განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები.

მისმა უწმინდესობის განცხადებით მეცნიერების, ახალგაზრდებისა და ეკლესიის თანამშრომლობით ქვეყნისთვის ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეიძლება და გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები და იდეების გაზიარება მომავალშიც გაგრძელდეს.

,,ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ბოროტება ებრძვის სიკეთეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიკეთის მხარეს ვიყოთ, სიკეთე შევიყვაროთ. მსოფლიოში განსაკუთრებული ბრძოლა არის ეკლესიის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალა, რომ დავუპირისპირდეთ ამას. უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიას უფრო რთული პერიოდებიც ჰქონია, მაგრამ ღვთის მადლით გადაულახავს. მაცხოვარი ბრძანებს: ,,კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.”

შეხვედრის დასასრულს, მისმა უწმინდესობამ დამსწრეებს თაობათა შორის ურთიერთობების დაახლოებისკენ მოუწოდა და ყველა დალოცა.