თსსუ-ში საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის მორიგი მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

25 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA)  მორიგი მასშტაბური პროექტის - „InSimu Virtual Patient-ის" პრეზენტაცია გაიმართა.  ასოციაციის წარმომადგენლებმა თსსუ-ის სტუდენტებს  დეტალურად გააცნეს ინფორმაცია პროექტისა და InSimu - მობილური აპლიკაციის შესახებ.  სწორედ ამ აპლიკაციის  მეშვეობით, რომელიც მომხმარებლებს, მისცემს შესაძლებლობას ჰყავდეთ ვირტუალური პაციენტები,  განახორციელდება  ზემოაღნიშნული პროექტი, 7 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ჩემპიონატის სახით.  პრეზენტაციაზე, სტუდენტები გაეცნენ აპლიკაციის გამოყენების პრინციპებს. ასევე, მიიღეს პრომო კოდი, რომლის საშუალებითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი ჩართვა ჩემპიონატში.

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს შიდასაუნივერსიტეტო შეჯიბრს, რომელიც გამოავლენს თითოეული უნივერსიტეტიდან 10 საუკეთესო სტუდენტს, რომლებიც ყველაზე ნაკლებ დროში, ყველაზე იაფად და არაინვაზიური ტესტების საშუალებით დასვამს სწორ დაიგნოზს. თითოეული უნივერსიტეტიდან ფინალურ ეტაპზე  გადასულ 10-10 მონაწილეს შორის, იმავე პრინციპით გამოვლინდება 3 საუკეთესო სტუდენტი.

შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ყველა უნივერსიტეტში, ერთდროულად, 1, 2, 3 აპრილს გაიმართება , ფინალურ ეტაპზე გადამსვლელი 10 საუკეთესო სტუდენტი გამოვლინდება 5 აპირლს, ხოლო ფინალური ეტაპი ჩატარდება 8 და 9 აპრილს.  გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 15 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

"შედეგები აისახება საერთო ბაზაში, რომელთან წვდომაც ლიმიტირებულია, რაც გამორიცხავს მონაცემების ცვლილებებს." - აღნიშნა, ჩვენთან საუბრისას პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ელენე გუნიამ. მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა.