თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი სასარის უნივერსიტეტში (იტალია) ერასმუს + ის პროგრამის ფარგლებში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია - ერასმუს + ინსტიტუციური კოორდინატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო კანდელაკი, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი ლია სანოძე,2 019 წლის 15-19 აპრილს, ოფიციალური ვიზიტით  სასარის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.  დელეგაციის წევრებს შეხვდნენ: სასარის უნივერსიტეტის რექტორის დელეგატი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფესორი ლუჩიანო გუტიერესი, საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი, პროფესორი სავიო რეგალია, მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ანჯელო სკუტერი, მედიცინის  ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  ანდრეა მონტელო, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ეგლე პატრიცია მილია, ერასმუს + ის პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის კოორდინატორი კარლა ურგეგე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომელი ტონიტო სოლინასი. 

ვიზიტის ფარგლებში, სასარის უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხეს ასოცირებულმა პროფესორებმა ნათია ნიჟარაძემ და ლია სანოძემ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ერასმუს + ის ინსტიტუციურმა კოორდინატორმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა ნინო კანდელაკმა მოხსენება გააკეთა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სასარის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილების და მომავალი პერსპექტივების შესახებ, ერასმუს + ის პროექტის ფარგლებში. შეხვედრის შედეგად დაიგეგმა პროფესორ ანჟელო სკუტერის და ეგლე პატრიცია მილიას ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პროექტის გაგრძელების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ხუთასსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სასარის უნივერსიტეტი აქტიურად ზრუნავს სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლებაზე მსოფლიო მასშტაბით და ჩვენს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. 

დაწყებული 2017 წლიდან  დღემდე, თსსუ-ის ოთხმა რეზიდენტმა სასარის უნივერსიტეტში გაიარა მობილობა 6 თვით, ხოლო ჩვენს უნივერსიტეტში ამჟამად მობილობით იმყოფება სასარის უნივერსიტეტის სამი  დიპლომამდელი განათლების სტუდენტი.