ალექს რაზუმოვსკის PhD, FAHA, NVS (აშშ) საჯარო ლექცია თსსუ-ში

2019 წლის 3 მაისს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა  ლექცია - სემინარი  ,,ცერებროვასკულური დაავადებების და ინსულტის დროს ტრანსკრანიული დოპლეროგრაფიის მეთოდების გამოყენება“ , რომელიც, მოწვეულმა სტუმარმა - ალექს რაზუმოვსკიმ  PhD, FAHA, NVS (აშშ) წაიკითხა.

ლექციის დაწყებამდე  დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მომხსენებელი აუდიტორიას წარუდგინა, თსსუ-ის რადიოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორმა, ამავდროულად, ნევროლოგთა მსოფლიოს ფედერაციის ნეიროსონოლოგიური კვლევის ჯგუფის (NSRG WFN) აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა და ასევე,  ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოების (GSNCH) პრეზიდენტმა მარინა ალფაიძემ.

საზოგადოებას ასევე, მიესალმნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის პრორექტორი ალექსანდრე ცისკარიძე და მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პ.სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი რომან შაქარიშვილი. მათ სტუმარს მადლობა გადაუხადეს ვიზიტისთვის.

ალექს რაზუმოვსკი PhD, FAHA, NVS (აშშ) - წარმოადგენს  TCD კონსულტანტს, ასევე, ნევროლოგიის მსოფლიო ფედერაციის ნეიროსონოგრაფიული კვლევის ჯგუფის მდივანს,  ამერიკის ნეიროიმიჯინგის საზოგადოების ნეიროვასკულური კვლევის სპეციალისტთა საგამოცდო კომიტეტის თავმჯდომარეს. მან აუდიტორიას ცერებროვასკულური დაავადებების მკურნალობის  მიმართულებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული გამოცდილბა გაუზიარა,  გააცნო ინსულტის დროს ტრანსკრანიული დოპლეროგრაფიის მეთოდები, რაც  აუდიტორიისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია. აუდიტორიამ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღო  ამომწურავი პასუხები.