საქველმოქმედო პროფილაქტიკური გასინჯვები ყაზბეგის რაიონში

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა კლინიკამ ჩაატარა პროფილაქტიკური, საქველმოქმედო - გასვლითი გასინჯვები ყაზბეგის რაიონში. კლინიკის ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სხვადასხვა დარგის 17 სპეციალისტი: პედიატრები, ნევროლოგები, ბავშვთა ზოგადი ქირურგები, ყბა სახის ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი. ექიმების მიერ გაისინჯა 90-მდე ბავშვი. 

გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით მსგავსი ღონისძიებები პერმანენტულად, წელიწადში ორჯერ ტარდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. კლინიკის გენერალური დირექტორის, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგურის განცხადებით შემდგომი აქციების ჩატარება იგეგმება ქალაქ ბოლნისსა და მარნეულში.