თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია AMEE-ეს კონფერენციაზე ქ. ვენაში

2019  წლის 25-29 აგვისტოს  ქ.ვენაში (ავსტრია) ჩატარდა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) კონფერენცია, რომლის მუშაობაში  მონაწილეობა  მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ (25-27 აგვისტო), ვიცე-რექტორებმა პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და პროფესორმა ხათუნა თოდაძემ, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა გაიანე სიმონიამ  და სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სალომე ვორონოვამ. 

კონფერენციაზე დელეგაციამ წარმოადგინა მოხსენება “მედიცინის დიპლომამდელი კურიკულუმის განახლება  საქართველოში სამედიცინო განათლების ეროვნული სტანდარტების მიხედვით  (Renewal of Undergraduate MD Curriculum based on National Standards of Medical Education in Georgia).“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით კონფერენციის საგამოფენო დარბაზში ცალკე სივრცე იყო გამოყოფილი ამ მნიშვნელოვანი სიახლის გასაცნობად შესაბამისი სტენდის სახით. სტენდმა კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

კონფერენციის დასკვნით პლენარულ სხდომაზე დასახელდა AMEE-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი - პროფესორი ტრევორ გიბსი, რომლის ინიციატივითა და ძალისხმევით 2019 წლის მაისში თსსუ-ში გაიხსნა AMEE-ს წარმომადგენლობა საქართველოში და ჩატარდა ESME-ს (ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში) ტრენინგი.

კონფერენციის პერიოდში დელეგაციის წევრებს ჰქონდათ მეტად საინტერესო შეხვედრები თსსუ-ის საერთაშორისო პარტნიორებთან - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტთან, პროფესორ დევიდ გორდონთან,  AMEE-ს ექს-პრეზიდენტთან პროფესორ ტრუდი რობერტსთან, ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორთან  და თსსუ-ის მოწვეულ პროფესორთან რიჩარდ ფულერთან, უტრეხტის აკადემიური მედიცინის საუნივერსიტეტო ცენტრის და კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ ოლე ტენ კატესთან.