თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი საზაფხულო კლინიკური სტაჟირება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგ საზაფხულო კლინიკურ სტაჟირებას, ამჯერად, ონდოკუზ მაის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამ (სამსუნი, თურქეთი)  უმასპინძლა, 12 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ კლინიკაში თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, საზაფხულო სტაჟირებაზე თსსუ-ის ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ომარ სამუშია ხელმძღვანელობდა.   მათ, პირველ სასწავლო დღეს,  ონდოკუზ მაის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და თითოეული მიმართულების ხელმძღვანელი შეხვდა. 

სტუდენტები საზაფხულო სტაჟირების განმავლობაში გადანაწილებულნი იყვნენ:  რადიოლოგიის, ოფთალმოლოგიის,  ნეიროქირურგიისა და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტებში, სადაც, როგორც სტუდენტები აღნიშნავენ,  რადიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პროფ. ჩეტინ ჩელენკი, კურატორი - მესუტ ოზილი, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პროფ. აჰმეტ ბაიდინი, ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პროფ. ჯენგიზ ჩოკლუკი, ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პროფ. ინჩი გუნგორი, მათ მიმართ  განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ.

სტუდენტები ესწრებოდნენ კონსულტაციებს, გამოკვლევებსა და ქირურგიულ ოპერაციებს. ასრულებდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, ამუშავებდნენ სამედიცინო ლიტერატურას, არჩევდნენ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს პროფესორებთან ერთად.  საზაფხულო კლინიკური სტაჟირების დასასრულს გაიმართა  დაჯილდოების ცერემონია, სადაც სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები .  


იხილეთ სტატია ინტერპრესნიუსზე

იხილეთ სტატია ნიუპოსტზე