თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ათა-თურქის უნივერსიტეტში

2019 წლის 24 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის სტუდენტები: ელენე მაისურაძე და ვერიკო რევია იმყოფებოდნენ  ათა-თურქის სახელობის უნივერსიტეტში (თურქეთი, ერზრუმი) , სადაც მონაწილეობა მიიღეს საზაფხულო სკოლაში. პროექტი მიზნად ისახავდა თურქული ენის საფუძვლების შესწავლას, სხვადასხვა კულტურის გაცნობასა და დაახლოებას, ვინაიდან პროექტში მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის, უკრაინის, იორდანიის, მალაიზიის, ყირგიზეთისა და პაკისტანის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე სემინარი თურქულ ენასა და ლიტერატურაში, ამასთანავე გაცნობითი ხასიათის ლექციები ეკონომიკაში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, აგროკულტურასა და გარემოს დაცვაში. ქართველმა სტუდენტებმა მოინახულეს თურქეთის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი-,,Daytam“, სადაც დაათვალიერეს უახლესი სამედიცინო და სამეცნიერო აპარატურა. გარდა აკადემიური ნაწილისა, პროექტი დატვირთული იყო კულტურული და გასვლითი ღონისძიებებით.

პროექტის დასასრულს თსსუ-ის სტუდენტებს საშუალება მიეცათ წარედგინათ საკუთარი ქვეყანა და უნივერსიტეტი, ასევე, მოახდინეს პროექტის -,,Spend Your Summer in Georgia” პოპულარიზაცია და მოუწოდეს დამსწრე საზოგადოებას, რომ აუცილებლად ესტუმრნონ საქართველოს.

იხილეთ სტუდენტების მიერ გადაღებული ვიდეო 



იხილეთ სიახლე ნიუპოსტზე 
იხილეთ სიახლე ინტერპრესნიუსზე