პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისათვის

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრისა და ქართველ მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ორგანიზებით,  თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, გაიმართა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჩვენებელი ტრენინგი. აღნიშნული აქტივობა განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019-ის"  ფარგლებში,  რიგით მე-15 ღონისძიებაა, რომელიც ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტში. 

ტრენინგის განმავლობაში თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის თანამშრომლებმა და მოწვეულმა პედაგოგებმა,  ტრავმის მანეკენთან, ბაზისური სასიცოცხლო ალგორითმის ჩასატარებელ მულაჟთან, მოსწავლეებს გააცვნეს სხვადასხვა მანიპულაციები და პროცედურები, როგორიცაა: სასიცოცხლო მაჩვენებლების–წნევის, ტემპერატურის, პულსის,  სუნთქვის განსაზღვრის წესები;   სისხლდენის  შეჩერება, ნახვევის დადება, კიდურის იმობილიზაცია, კისრის ფიქსაცია ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს, ხელოვნური სუნთქვის ტექნიკა; გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარება  და  ნიღბის დადება. 

 "ჩვენი ეს აქტივობა ტრადიციად არის ქცეული. ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება სკოლის მოსწავლეებისთვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგი, რომლის მიზანია მოსწავლეებს გავაცნოთ და ჩავატარებინოთ პირველადი გადაუდებელი დახმარების პროცედურები. ამავდროულად, აღნიშნული ღონისძიება ემსახურება სკოლის მოსწვლეთა პროფესიულ ორიენტაციას, რათა მათი არჩევანი „გახდნენ ექიმები“ უფრო მეტად იყოს სწორად გააზრებული და გაცნობიერებული. დღესაც, გაცილებით მეტი  მოსწავლე გვეწვია, ვიდრე იყვნენ დარეგისტრირებულნი ამ ღონისძიებაზე; მისასალმებელია 8-12-ე კლასის მოსწავლეთა  ასეთი ინტერესი და ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ გავუწიოთ სათანადო მასპინძლობა მოტივირებულ ახალგაზრდებს“- განაცხადა თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ.

იხილეთ სტატია ნიუპოსტსზე