2019 წლის 27-28 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მწვანე საშუალებები - მწვანე ტექნოლოგიებით - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“; ასევე, 28 სექტემბერს, - პლენარული სხდომა „კლინიკური ფარმაცია - პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში” და სტუდენტური კონფერენცია „ჯანმრთელობა და წამალი“.
კონფერენცია ჩატარდა ფარმაცევტთა საერთაშორისო კვირეულში და მიეძღვნა საქართველოში ფარმაცევტული განათლების 100 წლისთავს. ორგანიზატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია.
27-28 სექტემბერს, კონფერენციაზე „მწვანე საშუალებები - მწვანე ტექნოლოგიებით - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“ წარმოდგენილი იყო ზეპირი და სტენდური მოხსენებები რამდენიმე ძირითადი სამეცნიერო მიმართულებით: „ჯანმრთელობის დაცვის ახალი ალგორითმები - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“; „ბუნებრივი სამკურნალო რესურსები - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“; „განათლება - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“.
კონფერენცია გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი.
კონფერენციას ესწრებოდნენ საერთაშორისო სტუმრები 10-ზე მეტი ქვეყნიდან, საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ თსსუ-ის ფარმაციის, მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები.
28 სექტემბერს, კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა პლენარული კონფერენცია „კლინიკური ფარმაცია - პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში“. სხდომა გახსნა თსსუ-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ირინე კვაჭაძემ. ის მიესალმა სტუმრებს და მადლობა მოახსენა მათ მონაწილეობისთვის, რის შემდეგაც აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მოესმინა სამეცნიერო მოხსენებები.
სხდომას წარმართავდნენ თსსუ-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ ჭუმბურიძე და ასოცირებული პროფესორი - ნათია კვიჟინაძე.
აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბერს, ზემოდასახელებულ კონფერენციას ესწრებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბატონი სილვიუ დომენტე, ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები მსოფლიოს 5 ქვეყნიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ: „კარგი ფარმაცევტული პრაქტიკის“ (GPP) ექსპერტი, ფარმაციის დოქტორი ოლგა გრინცოვა; ალმა-ატის (ყაზახეთი) ფარმაციის სკოლის დეკანი, პროფესორი ზურიადა საკიპოვა და ასევე ხარკოვის (უკრაინა) ფარმაციის ნაციონალური უნივერსიტეტის წარმამოადგენელი, ფარმაციის დოქტორი ევგენი გრინტსოვი.
პროფესორმა თამაზ ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ კლინიკური ფარმაცია ახალი დარგია საქართველოში და ეს არის პირველი კონფერენცია ამ დარგში.
„ეს არის პირველი სერიოზული ნაბიჯი. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ დარგის ფრიად მნიშვნელოვანი ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კლინიკური ფარმაცია განვითარდეს ევროპული და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. ფარმაცევტი უნდა ზრუნავდეს პაციენტზე და შესაბამისად, სათანადო ცოდნა და განათლება უნდა ჰქონდეს“, _ გვითხრა ბატონმა თამაზ ჭუმბურიძემ კონფერენციის დასრულების შემდეგ.
ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს.
საორგანიზაციო ჯგუფმა კონფერენციის სტუმრებს, ფარმაციის ფაკულტეტის სხვადასხვა დეპარტამენტის და თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს და ღვაწლმოსილ მეცნიერებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.