მასტერკლასი - ,,პირის ღრუს სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში"

,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში, მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა მასტერკლასი - ,,პირის ღრუს სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში“.

მასტერკლასი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის ბავშვთა სამსახურმა ჩაატარა, რომელსაც ესწრებოდნენ  თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ღონისძიებაზე თსსუ-ის ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბავშვთა სტომატოლოგმა ნანა ყიფიანმა  წაიკითხა ლექცია - ,,პირის ღრუს სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში“. მან აღნიშნა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პირის ღრუდან იწყება, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებს ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა პირის  ღრუს ჰიგიენის შესახებ. ბავშვობის ასაკში გამომუშავებული სწორი ჩვევები განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს მოზრდილთა ასაკში განვითარებული დაავადებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით.  

ღონისძიების ფარგლებში ქალბატონმა ნანამ, კლინიკის რეზიდენტების ჩართულობით, საინტერესო სანახაობა მოაწყო, ყოველ მსურველს საშუალება მიეცა  ინდივიდუალურად შეესრულებინა მათთვის საინტერესო სტომატოლოგიური  მანიპულაცია.