თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

 2019 წლის 8 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის - „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს. 

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, Erasmus + აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტიდან (ბულგარეთი)  მოწვეულმა მომხსენებლებმა ლექციები წაიკითხეს, თემაზე: 

„ძუძუს კიბოს პათოლოგიის დიაგნოსტიკური მაჩვენებლები და ძუძუს კიბოს ოპერაციული მკურნალობის მახასიათებლები“ -  კლინიკური ონკოლოგი, ასისტენტ-პროფესორი ვასილ ნანევი

„პათოლოგ–ანატომიური  დიაგნოსტიკის კლასიკური და თანამედროვე მეთოდები“ - პათოლოგ-ანატომი, ასოცირებული პროფესორი ივან ივანოვ-ნედკოვი

ღონისძიებას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და გამოირჩეოდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.

Erasmus + აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა, ასევე, მოინახულეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და დაესწრნენ ოპერაციებს.