დუისბურგის (გერმანია) ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორების ლექციები თსსუ-ში

2019 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ გერმანიის ქ. დუისბურგის ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები: თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი და თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი. 

ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა პროფესორებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის  წაიკითხეს ლექციები:  პროფესორმა  ვიქტორ ვაილერტმა -  „ ფრონტალური კბილების ტრავმა - კლასიფიკაცია და მკურნალობის მეთოდები“,   ხოლო პროფესორმა ჰელმუტ ზიბერმა - „ ყბა-სახის მიდამოს მოტეხილობები“. 

ლექციებს  ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი,  სამედიცინო  უნივერსიტეტის პროფესორები და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები. 

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.  შეხვედრის დასასრულს, მსმენელებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან საინტერესო იყო ლექციების თემატიკა და  ევროპელი პროფესორების გამოცდილების და მიღწევების გაცნობა. 

ლექციების შემდეგ, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში  გერმანელმა ქირურგებმა ქართველ კოლეგებთან ერთად  ჩაატარეს ყბა-სახის, ტუჩისა და სასის მიდამოს თანდაყოლილი პათოლოგიების რეკონსტრუქციული ოპერაციები, ასევე,  კონსულტაცია გაუწიეს ქართველ პაციენტებს. ოპერაციებს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.