თსსუ-ის პროფესორებმა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმის (EQAF) „Supporting Societal Engagement of Higher Education”” მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა

2019 წლის 21-23 ნოემბერს ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინე კვაჭაძემ და მედიცინის  ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმის (EQAF) „Supporting Societal Engagement of Higher Education”” მუშაობაში, რომელიც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) ეგიდით ამჯერად ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა. ფორუმის  სამუშაო  თემატიკა, უმეტესწილად, მოიცავდა უმაღლესი განათლების სისტემის სოციალურ ვალდებულებებს, მის განვითარებაში საზოგადოების ჩართულობის როლს და ფორმებს, ასევე,  დამსაქმებელთა და, საზოგადოდ, შრომის ბაზრის  ინტერესების და მოთხოვნების გათვალისწინების, მათთან და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოლაბორაციის თემებს საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, განხორციელების  და სწავლის შედეგების შემუშავების პროცესებში.

ყველა ეს საკითხი განიხილებოდა ხარისხის უზრუნველყოფის/განვითარების  შიდა და გარე მექანიზმების, რელევანტური ინდიკატორებისა და მეთოდების, სწავლა-სწავლების და კვლევის  ინოვაციური ხედვების ჭრილში. ყოველივე აღნიშნულმა  უნდა განსაზღვროს კურსდამთავრებულების აღჭურვა მათი კარიერული განვითარებისთვის აუცილებელი კომპეტენციებით: მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობით, დასაქმებისათვის აუცილებელი ცოდნითა და უნარებით, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით.

ფორუმი, გარდა  სამი პლენარული სხდომისა, მოიცავდა რამდენიმე პარალელურ ინტერაქტიურ-თემატურ „ვორქშოფს“ და სესიას,  რომელთა მუშაობაში თსსუ-ის პროფესორები ჩაერთნენ უნივერსიტეტის პრიორიტეტული სამიზნე თემატიკის გათვალისწინებით.

ფორუმზე გამოითქვა ბევრი  საინტერესო აზრი და წინადადება, ხშირად - არცთუ თანხვედრილი ერთმანეთთან, რამაც პოლემიკა კიდევ უფრო საინტერესო გახადა.

ფორუმის მონაწილეები შეჯერდნენ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტზე (მის მოქალაქეობრივ და პროფესიულ საჭიროებებზე) ორიენტირებულობის გაზრდის, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების დახვეწის, მათი მეტი სპეციფიკაციის აუცილებლობაზე ქვეყნის და საგანმანათლებლო სფეროს თავისებურებების, ეროვნული კანონმდებლობის, სტანდარტების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის გათვალისწინებით. ფორუმის  მორიგი შეკრება დაიგეგმა ფინეთში, 2020 წელს.