თსსუ-ში გრიგოლ მუხაძის საქართველოს ქირურგთა ასოციაციის მორიგი სხდომა გაიმართა

2019 წლის 28 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა გრიგოლ მუხაძის საქართველოს ქირურგთა ასოციაციის მორიგი სხდომა, ქირურგიის დარგსა და საზოგადოდ, მედიცინის სფეროში მიმდინარე სიახლეების განსახილველად.

სხდომა გახსნა და აუდიტორიას დღისწესრიგი წარუდგინა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის ხელძღვანელმა, პროფესორმა გია თომაძემ. მან ისაუბრა სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ და მათი ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

ყრილობის განმავლობაში ასოციაციის წევრებისთვის საპრეზენტაციო თემები წარადგინეს თსსუ-ის ქირურგიის N1 დეპარტამენტის პროფესორმა-ნოდარ ლომიძემ და მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მანეჟაშვილმა. მათ ისაუბრეს თანამედროვე გაიდლაინების გათვალისწინებით მწვავე პანკრეატიტის მკურნალობის შესახებ. სხდომის განმავლობაში განხილულ იქნა, ასევე, მწვავე აპენდიციტის გაიდლაინები, რომელიც თსსუ-ის ქირურგიულ დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორმა, დავით ჯიქიამ წარმოადგინა.

28 ნოემბრის სხდომის დღისწესრიგის კიდევ ერთ თემას ამერიკის ქირურგთა კოლეჯის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგენდა, რომელიც ასოციაციის დანარჩენ წევრებს პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ლევან წამალაძიემ გააცნო.