თსსუ-ის პროფესორი თამარ სანიკიძე საქმიანი ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა

2019 წლის 25-30 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი თამარ სანიკიძე,  ევროკავშირის სამწლიანი (2018-2020) პროექტის- „პროგრესსიო“(POWR030500-00Z090/17) ფარგლებში პოლონეთში ქ. სჩეცინში  იმყოფებოდა. პროექტის მიზანია - პოლონეთის უნივერსიტეტებში სწავლების დონის ამაღლება, რომელიც 3 წლის განმავლობაში პროფესორების ყოველწლიურ ვიზიტს ითვალისწინებს.

სჩეცინში პომერანიის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების პირველი კურსის სტუდენტებისათვის სამედიცინო ფიზიკასა და ბიოფიზიკაში  პროფესორმა თამარ სანიკიძემ   წაიკითხა ლექციები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: 

1.შესავალი თერმოდინამიკაში და ბიომექანიკაში: ბიოლოგიური პროცესების ფიზიკური პრინციპები და მექანიზმები;

2.სითხეებისა და აირების ბიომექანიკა: ბიოლოგიური პროცესების ფიზიკური პრინციპები და მექანიზმები;

3.ბიოელექტრობისა და ბიომაგნიტიზმის ფიზიკური საფუძვლები.

4.ბიოლოგიური მემბრანები და მემბრანების განვლადობა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესების დროს.

5.მემბრანული ტრანსპორტის მექანიზმები (ორმაგი  ლიპიდური შრის გავლით): მარტივი დიფუზია, ოსმოსი და ფილტრაცია.

აღსანიშნავია, რომ თსსუ-სა და პომერანიის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის  ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი 2018 წელს გაფორმდა. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი თამარ სანიკიძე შეხვდა პომერანიის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ვიცე-რექტორს და მედიცინის ფაკულტეტის დეკანს. შეხვედრაზე    განხილული  იქნა  ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარების  საკითხები.