უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა

2019 წლის ნოემბრიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი ატარებს უსგ პროგრამას "ქრონიკული დაავადებების მართვა: ახალ მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის“, სოფლის ექიმის პროგრამაში ჩართული ექიმებისათვის.

პროგრამა ტარდება საქართველოს 5 რეგიონში: აჭარა, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა–მთიანეთი და სამეგრელო ზემო–სვანეთი. 35 ჯგუფში სულ მზადდება 600–ზე მეტი ექიმი.

პროგრამა აკრედიტებულია პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ. სასწავლო კურსის მონაწილეებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან პროგრამის დასკვნით შეფასებას (ე.წ. „პოსტ-ტესტი“), გადაეცემათ კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მიენიჭებათ 12 უპგ-ქულა. პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელია  თსსუ-ის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი, „საოჯახო მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი გივი ჯავაშვილი. მასში ჩართული არიან საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კიკნაძე და დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგები: ქეთევან რუსია, ქეთევან ხეცურიანი, ნათია იმერლიშვილი, თამარ მელიქიძე.

პროგრამა მოიცავს გავრცელებული რვა  ქრონიკული დაავადების მართვის თანამედროვე პრინციპებს:

1. არტერიული ჰიპერტენზია;

2. გულის ქრონიკული უკმარისობა;

3. გულის იშემიური დაავადება;

4. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;

5. ბრონქული ასთმა;

6. დიაბეტი;

7. პარკინსონის დაავადება;

8. ეპილეფსია;

სასწავლო პროგრამის ფარგლებში განიხილება არსებული ეროვნული გაიდლაინები და ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული ახალი მტკიცებულებები.

ამ პროექტის ფარგლებში, ერთ–ერთი ტრენინგი ჩატარდა,  2019 წლის 14-15 დეკემბერს  წმ. მეფე მირიან და დედოფალ ნანას მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში მცხეთა–მთიანეთის რეგიონში  „სოფლის ექიმის" პროგრამით მომუშავე ექიმებისათვის. პროგრამას უძღვებოდნენ თსსუ-ის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი გივი ჯავაშვილი და ასოცირებული პროფესორი ნინო კიკნაძე.  კურსი იყო ინტერაქტიული,  მაღალი ჩართულობითა და დისკუსიით.