თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კიდევ ერთმა სტუდენტმა გაიარა კლინიკური როტაცია ემორის უნივერსიტეტში

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის XI სემესტრის სტუდენტი,  პრანაი შაჰ აჯაი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში ზოგადი ქირურგიისა და ქირურგიული ონკოლოგიის კლინიკური როტაციების გასავლელად მიიწვიეს.

2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით  პრანაი შაჰ აჯაი ემორის საუნივერსიტეტო კლინიკებში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში ის მუშაობდა ზოგადი ქირურგიის ჯგუფთან ერთად და მონაწილეობდა რთული ქირურგიული შემთხვევის მქონე პაციენტების ქირურგიულ ოპერაციებში. ავადმყოფის საწოლთან  სტუდენტის ფორმალური სწავლება ემორის უნივერსიტეტის რეზიდენტურის სტუდენტებთან ერთად ხდებოდა. კლინიკური როტაციის განმავლობაში აჯაი შაჰ პრანაი, ასევე,  წერდა  პაციენტის ისტორიას, მორიგე ექიმთან წარადგენდა ავადმყოფის მისეულ შეფასებასა და მკურნალობის დეტალურ გეგმას.  გარდა ამისა, თსსუ-ის ამერიკული პროგრამის სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ზოგად ქირურგიაში კლინიკური როტაციის დროს კვირაში სამჯერ ქირურგებთან ერთად მიეღო მონაწილეობა ოპერაციის მიმდინარეობაში. იგი, აგრეთვე, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად ჩართული იყო მკურნალობის გეგმის შემუშავებასა და პაციენტის მდგომარეობის შეჯამებაში. 

აჯაი შაჰ პრანაი: ,,დღე კლინიკაში დილის 5 საათზე იწყებოდა. ყოველდღიურად ჩემს ფუნქციებში შედიოდა პრე- და პოსტოპერაციულ პაციენტებთან ურთიერთობა. ანამნეზის შეკრება, პაციენტის მდგომარეობის შეფასება,  მორიგე ექიმთან ავადმყოფის ჩემეული შეფასებისა და მკურნალობის დეტალური გეგმის წარდგენა და განხილვა.  აშშ-ში ყოფნის პერიოდში საშუალება მქონდა, სტუდენტის  კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად მიმეღო მონაწილეობა რთული ქირურგიული შემთხვევის მქონე პაციენტებთან მუშაობაში და დავსწრებოდი ქირურგიულ ოპერაციებს. გარდა იმისა, რომ ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ზოგად ქირურგიაში კლინიკური როტაციის დროს, კვირაში სამჯერ ქირურგებთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას ოპერაციების მიმდინარეობაში, ძალიან ბევრი მომცა იმ გარემოებამ, რომ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან ვმონაწილეობდი მკურნალობის გეგმის შემუშავებასა და პაციენტის მდგომარეობის შეჯამებაში“. 

უნდა  აღინიშნოს, რომ პრანაიმ ქირურგიული ონკოლოგიის კლერკშიფშიც (ემორის მიდთაუნის კლინიკა, ატლანტა) დიდი გამოცდილება მიიღო. იგი ონკოლოგიის გუნდის წევრი-სტუდენტის სტატუსით მონაწილეობდა კუჭ-ნაწლავის, ძუძუსა და კანის სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის პროცესში. 

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების დასწრება და მონაწილეობა დეპარტამენტის, კლინიკისა თუ უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ  ყოველკვირეულ კონფერენციებსა და სხვადასხვა აქტივობებში, ემორის მედიცინის პროგრამის კლინიკური კლერკშიფების  ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია. 

კლინიკური როტაციის (კლერკშიფების) დასასარულს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტმა თავისი სამთვიანი ამერიკული გამოცდილება ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში შემაჯამებელი პრეზენტაციის სახით წარადგინა.

აჯაი შაჰ პრანაი: „ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის სტიმულის მომცემი იყო თსსუ-ისა და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მხარდაჭერა აშშ-ში კლინიკური კლერკშიფების გავლის საკითხში. მინდა ჩემს თანატოლებს და თსსუ-ის სტუდენტებს ვურჩიო, არ დაზოგონ ძალები, გამოიყენონ საუნივერსიტეტო სწავლება მაქსიმალურად და მიყვნენ დასახულ მიზანს. ატლანტაში მიღებულმა გამოცდილებამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში, გამხადა უფრო მოტივირებული იმ მიზნებისკენ, რაც დასახული მაქვს კარიერაში“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტს, რომელსაც სწავლის პროცესში ჩაბარებული აქვს ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) პირველი საფეხური, შეუძლია კლინიკური როტაციების გარკვეული ნაწილი გაიაროს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში. კლინიკური როტაციების მიზანია, მისცეს სტუდენტს შესაძლებლობა, მისი ინტერესის სფეროს მიხედვით გაიღრმაოს კლინიკური და აკადემიური ცოდნა.