თსსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

2020 წლის 28 და 29 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ტრადიციულად, მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, საგამოფენო სივრცე - ექსპოჯორჯიაში.

გამოფენის სტუმრები გაეცნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოქმედ ერთსაფეხურიან, საბაკალავრო და სამაგისტრო ქართულენოვან და უცხოენოვან პროგრამებს, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო პროცესის, სტუდენტური ცხოვრების,  კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და სხვა, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

უნივერსიტეტის  სივრცეში, თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრისა და თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის მიერ, წარმოდგენილ თანამედროვე მულაჟებთან, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ პრაქტიკულ სამუშაოებს და თავად განეხორციელებინათ  მანიპულაციები, მათ შორის: პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სისხლდენის კუპირება, ინექცია და სხვა რიგი პრაქტიკული აქტივობები. 

ღონისძიების ფარგლებში თსსუ-ის სივრცეს ესტუმრნენ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი.

თსსუ-ის  სივრცეში  სტუდენტურმა თვითმმართველობამ, სკოლის მოსწავლეებისათვის, წარმოადგინა ინტერაქტიული  გათამშებები,  რომელიც მოიცავდა კითხვებს  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან და კითხვებს, ზოგადად უნივერსიტეტის შესახებ. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, მოეწყო საჯარო ლექციების ციკლი, რომლის ფარგლებშიც გამოფენაზე წარმოდგენილი უნივერსიტეტების ლექტორები  აბიტურიენტებს  სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირებით ესაუბრებოდნენ.  

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან, ლექცია, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა  კახაბერ ჭელიძემ წაიკითხა. პროფესორი აბიტურიენტებს ექიმის კარიერაზე ესაუბრა  და გააცნო მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ის სირთულეები და პრობლემები, რომელთაც ხვდება ექიმი პროფესიული საქმიანობის გზაზე.