თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ვიზიტი კოპენჰაგენში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანა მებონია 2020 წლის 11-12 თებერვალს ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ქ. კოპენჰაგენში (დანია) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონალური ოფისის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა დაავადებათა სკრინინგის აქტუალურ საკითხებს. 

კონფერენცია მიზნად ისახავდა სკრინინგთან დაკავშირებით სარგებლის მაქსიმალური მიღებისათვის  და ზიანის შემცირებისათვის გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესებას. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო  პროგრესული მცდელობა ჯანმოს ევროპის რეგიონის წევრი ქვეყნების მაქსიმალური ჩართულობისთვის. კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ რეგიონის ექსპერტები, ტექნიკური მრჩეველები, პოლიტიკის შემქნელები.   

ასოცირებულმა პროფესორმა ნანა მებონიამ პლენარულ სხდომაზე წარადგინა მოხსენება საქართველოში სკრინინგული პროგრამების, კერძოდ, კიბოს სკრინინგის მიმდინარეობის შესახებ, სადაც განხილულ იყო ქვეყანაში ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული კიბოს სკრინინგისა და პროსტატის კიბოს მართვის პროგრამასთან დაკავშირებული მიღწევები და გამოწვევები. 

კონფერენციაზე დიდი დრო დაეთმო არაგადამდები დაავადებების სკრინინგის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ დისკუსიას სამეცნიერო მტკიცებულებათა და ქვეყნების გამოცდილებათა გათვალისწინებით. 

დასასრულს, ქვეყნებს მიეციათ რეკომენდაცია, კიბოს სკრინინგთან ერთად, გააძლიერონ კიბოს ადრეული გამოვლენის პროგრამები, რათა მოცული იყოს მაღალი ავადობის მქონე ყველა ლოკალიზაციის კიბო და არა მარტო ის ონკოლოგიური დაავადებები, რომელთა მიმართაც სკრინიგის განხორციელება საერთაშორისო ექსპერტების მიერ არის რეკომენდებული.