თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება

მსოფლიოში შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ ახალი ვირუსის (Sars- Cov-2)  წინააღმდეგ საყოველთაო მობილიზება გახადა საჭირო. COVID -19-ის დასამარცხებლად ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა.  პანდემიასთან ბრძოლისას სწორედ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გახლდათ ყველაზე კრიტიკული პაციენტების მიმღები დაწესებულება, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში ჩვენს კლინიკაში მივიღეთ 600-მდე პაციენტი, მათ შორის 200-მდე კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს გაეწია დახმარება. ამის შესაძლებლობა კლინიკაში  არსებულმა უახლესმა სამედიცინო ტექნიკამ და რა თქმა უნდა, მედპერსონალმა განსაზღვრა, აქ მუშაობენ გამოცდილი პროფესიონალები, თსსუ-ის პროფესორები.

დღეს, 14 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ხელახლა გაიხსნა და იგი თავის მრავალპროფილიან საქმიანობას დაუბრუნდა. გახსნაზე კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. დიდი მადლობა გადაუხადა მათ კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში ექიმებთან ერთად დგომისთვის და საზოგადოებაში სწორი მესიჯების გავრცელებისთვის. ჟურნალისტებმა ღონისძიების ფარგლებში კლინიკა დაათვალიერეს და მის მრავალპროფილიან საქმიანობას გაეცნენ.


თსსუ -ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, 2015 წლის 25 მარტს დაარსდა მის  მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა სტუდენტთა განათლების დონის ამაღლება, მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება, კლინიკური გამოცდილების გაზიარება და მოსახლეობის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.   

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა სამედიცინო ნოვაციების დანერგვის ადგილია.  სწორედ აქ ხდება, ერთი მხრივ _ მომავალი ექიმების ჩამოყალიბება, ხოლო მეორე მხრივ – პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა მაღალი დონის გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით. ეს ის ადგილია, სადაც ბევრი სტუდენტისთვის მომავალი, იდეის დონეზე არსებული ოცნება, დღევანდელ რეალობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა სრულად არის ადაპტირებული სასწავლო მიზნებისთვის. აქ ფუნქციობს 20-მდე კლინიკური მიმართულება.  სასწავლო პროცესს ემსახურება 5 სალექციო აუდიტორია და 70 სასწავლო ოთახი. 

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ორიენტირებულია საერთაშორისოდ აღიარებული მტკიცებითი მედიცინის სტანდარტებით მომსახურებაზე. ეს არის 187  საწოლზე გაშლილი თანამედროვე, მაღალი სტანდარტის სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ტექნოლოგიით აღჭურვილი სტაციონარი, სადაც მოღვაწეობენ საქართველოსა და უცხოეთში აღიარებული პროფესორები, მედიცინის სხვადასხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებიც მომავალი სამედიცინო კადრის აღზრდის პარალელურად, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უწევენ საქართველოს მოსახლეობას.


იხილეთ სტატია Interpressnews.ge-ზე

იხილეთ სტატია Newposts.ge-ზე 

იხილეთ სტატია Fortuna.ge-ზე