თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სიახლეა - თანამედროვე 640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიული (CT) სკანერი კორონარული არტერიების დაავადების და გულის სტრუქტურული დაზიანების დიაგნოსტიკაში

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოლოგიურ დეპარტამენტში დეკემბრიდან ფუნქციობს „ Aquilion One Genesis „  Canon-ის ფირმის პრემიუმ კლასის 640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით. 

კორონარული არტერიების დაავადება (გულის იშემიური დაავადება) არის ავადობის და სიკვდილიანობის უხშირესი მიზეზი გლობალურად, რეგიონულად და ნაციონალურ დონეზე როგორც დასავლეთ ევროპის  ასევე დაბალი და საშუალო ეკონომიური შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის. შესაბამისად, კარდიოვასკულური დაავადების ადრეული გამოვლენა, დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვა ხელს შეუწყობს აღნიშნული დაავადებების პრევენციას და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას.

640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიული (CT) სკანერი 80%-ით შემცირებული რადიაციული დასხივების და შემცირებული გამოკვლევის დროის პირობებში შესაძლებლობას იძლევა მიღებულ იქნას კორონარული არტერიების მაღალი ხარისხის გამოსახულება და სრულყოფილად შეფასდეს შემდგომი გართულებების განვითარების ალბათობა დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის პაციენტებში, ასევე იმ პაციენტებში, რომელთაც არითმიის, ჭარბი წონის და სხვა წინააღმდეგჩვენებების გამო ვერ უტარდებოდა აღნიშნული გამოკვლევა წინა თაობის სკანერებით. აღსანიშნავია, რომ პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტი სტაციონარში დაყოვნებას არ საჭიროებს.

თანამედროვე, 640 შრიანი CT სკანერი მულტიფაზური რეკონსტრუქციის და 3D ანალიზის წყალობით ასევე საშულებას იძლევა ჩატარდეს დინამიური ანალიზი, მოხდეს სრულყოფილი ვიზუალიზაცია გულის სტრუქტურული პათოლოგიის არსებობის დროს.

თსსუ-ს  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და მაღალკვალიფიციური საერთაშორისო გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალის დახმარებით უზრუნვველყოფს აღნიშნული მეთოდის გამოყენებას ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში.