10 ყველაზე მაღალრეიტინგული პირველსემესტრელი სტუდენტის დაჯილდოვებაც განსხვავებულ ფორმატში წარიმართა

წელს, როგორც მოგეხსენებათ, პირველსემესტრელ სტუდენტთა მისალოცი, საზეიმო ღონისძიება განსხვავებულ ფორმატში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების სრული დაცვით  წარიმართა. აღნიშნულის გამო, მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარება საზეიმო ვითარებაში ვერ მოხერხდა. თუმცა,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრადიციას მაინც არ უღალატა: განსხვავებულ ფორმატში წარიმართა 10 ყველაზე მაღალრეიტინგული პირველსემესტრელი  სტუდენტის დაჯილდოვებაც.

2020 წლის 11 სექტემბერს თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტი ანა კაკაბაძე ყველაზე მაღალრეიტინგულ პირველსემესტრელებს შეხვდნენ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვიცე-რექტორები:  პროფესორი ხათუნა თოდაძე და ასოცირებული პროფესორი  სოფიო ბახტაძე. მაღალრეიტინგულ სტუდენტებს შორის არიან: მანაგაძე მარიამი, ბერიშვილი ნინო, კურცხალია ლიზი, სარალიძე ქრისტინე, ქართველიშვილი ქეთევანი, ტორაძე სალომე, ფხალაძე ანდრო, შოშიტაშვილი ნია, კახნიაშვილი ანა, ჯამბურია გიორგი. 

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა - ანა კაკაბაძემ სახელმძღვანელოები და თსსუ-ის სიმბოლიკიანი სამახსოვრო საჩუქრები გადასცა სტუდენტებს. ხოლო მათ შორის ყველაზე მაღალრეიტინგული პირველსემესტრელი მარიამ მანაგაძე თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ლეპტოპით დააჯილდოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების არა მარტო მედიცინის, არამედ ყველა სხვა პროფილის პროგრამების გათვალისწინებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამებზე უპრეცედენტოდ მაღალი ბარიერია . შესაბამისად, წელსაც, როგორც აქამდე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, უნივერსიტეტში ყველაზე მოტივირებული და მაღალი შედეგის მქონე სტუდენტები ირიცხებიან.