თსსუ-ს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიაში, ბატონი იოსებ ჩხიკვიშვილი ეწვია

2020 წლის 9 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბატონი იოსებ ჩხიკვიშვილი. სტუმარს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე. 

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებს წარმატებული ურთიერთობების მრავალწლიანი ტრადიცია აქვთ. ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე და ევროკავშირის პროექტის- ERASMUS+-ის საერთაშორისო მობილობის  ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს გერმანიის ისეთ ცნობილ უნივერსიტეტებთან და კლინიკებთან,  როგორებიცაა: მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო კლინიკები, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკები, ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტი, დუისბურგის ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიის კლინიკა, ოლდენბურგის კარდიოქირურგიული კლინიკა, კოტბუსის კარლ-თიემის კლინიკა, მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკა და სხვ. რექტორმა ისაუბრა თსსუ-ის საპატიო დოქტორებზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქართულ-გერმანული აკადემიური ურთიერთობების განვითარებაში. 

ბატონმა იოსებ ჩხიკვიშვილმა მაღალი შეფასება მისცა თსსუ-ის დიდ ჩართულობას ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კონსულს იმ ზრუნვისთვის, რომელიც საქართველოს საელჩომ გერმანიაში  პანდემიის პერიოდში თსსუ-ის სტუდენტების მიმართ გამოიჩინა.

შეხვედრის დასასრულს რექტორმა სტუმარს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები, მათ შორის დოკუმენტური ფილმი  ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე.