თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის დიდი აღიარება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა ლომაური ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ნეონატოლოგიის მიმართულების ექსპერტი გახდა.

გლობალური ინიციატივები, როგორიცაა ათასწლეულის მდგრადი განვითარების მიზნები (United Nations Sustainable Development Goals), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტრატეგია დედის, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის შესახებ 2016-2030 წელი  (WHO’s Global Strategy for Wom¬en’s, Children’s and Adolescents’ Health 2016–2030) და ყოველი ახალშობილის აქტივობის გეგმა (Every Newborn Action Plan), მიზნად ისახავს,  შემცირდეს თავიდან აცილებადი მკვდრადშობადობისა და ნეონატალური სიკვდილობის შემთხვევები. აღნიშნული კი,  მხოლოდ პერინატალური აუდიტის საშუალებით არის მიღწევადი. 

დღეს პერინატალური სიკვდილობის აუდიტს მრავალი ქვეყანა მიმართავს. ამისთვის, სათანადო დარგის ექსპერტების ჩართულობით იქმნება კომიტეტები. საქართველოში პირველად მსგავსი აქტივობა  2016 წელს დაიწყო. ქვეყანაში განხორციელდა პერინატალური სისტემის რეგიონალიზაცია, აუდიტის შედეგად მოხდა ამ პროცესის სწორად სისტემატიზება და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. 

2018 წელს, აღნიშნული აქტივობის განხორციელების სურვილით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის N1 დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ლომაურმა განაცხადი შეიტანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში (WHO).   სათანადო პროცედურების გავლის შემდგომ, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის აპლიკაცია დაკმაყოფილდა,  რითაც მას საშუალება მიეცა მომავალში განეხორციელებინა საექსპერტო სამუშაოები ამ ორგანიზაციის ეგიდით. ამავე წელს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით ქ. ლივერპულში გაიმართა პერინატალური დარგის ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც  ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ლომაურმა მიიღო მონაწილეობა. 

2019 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef), ჩრდილოეთ მაკედონიის ჯანდაცვის სამინისტროს და უშუალოდ მინისტრის ვენკო ფლიპჩეს, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით შეიქმნა ჩრდილოეთ მაკედონიის პერინატალური სიკვდილობის აუდიტის კომიტეტი, რომლის  მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის მასშტაბით პერინატალური სიკვდილობის შესწავლა. წინასწარ მომზადდა მონაცემთა ბაზა 50-ზე მეტი ცვლადით. სულ განხილული იქნა ჩრდილოეთ მაკედონიაში 2019 წელს დაფიქსირებული პერინატალური სიკვდილობის 209 შემთხვევა. ხათუნა ლომაურმა სამედიცინო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლით განიხილა  ახალშობილთა სიკვდილობისა და მკვდრადშობადობის 34 შემთხვევა. შემთხვევების გაცნობა ხდებოდა ადგილზე. კვლევაში ხათუნა  ლომაურთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტი ნატალი რუსი (კაროლინსკას ინსტიტუტი, შვედეთი) და პერინატალური აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე გლიგორ ტოფოსკი (ჩრდილოეთ მაკედონია). პროცესის უშუალო ლიდერი და კოორდინატორი იყო  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის ქვეყნის ჯანმრთელობის პროგრამების დირექტორი ნინო ბერძული.  მონაცემთა ბაზის სტატისტიკური ანალიზი განხორციელდა კაროლინსკას ინსტიტუტის ბაზაზე, რომლის საფუძველზეც 2020 წლის შემოდგომაზე დაიწერა საბოლოო რეპორტი შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით.

დოკუმენტმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს ფარგლებში გაიარა შემდგომი ექსპერტიზა, რედაქტირება და  დამტკიცება.  2021 წლის იანვარში მოხსენება ოფიციალურად განთავსდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე https://apps.who.int/iris/handle/10665/338875.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ქალბატონ ხათუნას ამ დიდ აღიარებას და უსურვებს მას ხანგრძლივ და ნაყოფიერ საქმიანობას!

იხილეთ სიახლე IPN-ზე

იახლე NEWposts-ზე