პროფესორ ვაჟა გვანცელაძეს 89 წელი შეუსრულდა

ღვაწლმოსილ პროფესორს, ცნობილ ექიმს, მეცნიერსა და სპორტსმენს, ბატონ  ვაჟა გვანცელაძეს 89 წელი შეუსრულდა.

ბატონი ვაჟა 1932 წლის 6 აპრილს ქალაქ თბილისში დაიბადა, 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) სამკურნალო ფაკულტეტი.

სხვადასხვა წლებში ის იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული, სან-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი; შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის და თერაპიის კათედრის პროფესორი;  შინაგანი მედიცინის N-5 კათედრის პროფესორი. 

ვაჟა გვანცელაძე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედაგოგიური საბჭოს, პედიატრიული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს, ასევე,  გასტროენტეროლოგიური საზოგადოების გამგეობის საბჭოს და ცენტრალური მეთოდკომისიის წევრი. ამჟამად, იგი  თსსუ-ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრია.

ვაჟა გვანცელაძე არის 68 სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოსა და წიგნის ავტორი. 

ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად ბატონი ვაჟა არის სპორტის ოსტატი კალათბურთში, მრავალი სპორტული შეჯიბრების ჩემპიონი და პრიზიორი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ამაგდარ პროფესორ ვაჟა გვანცელაძეს საიუბილეო თარიღს, ჯანმრთელობას, სულის სიმრთელეს და წელთა სიმრავლეს უსურვებს მას!