თსსუ-ის რექტორმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს. 

2021 წლის 24 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგეს გენერლის ხსოვნას. 

გენერალი გიორგი კვინიტაძე რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სახელს უკავშირდება: რეგულარული ქართული არმიისა და იუნკერთა სასწავლებლის შექმნის იდეა, 1918 წლის ზაფხულში ოსმალური რაზმების დამარცხება ქვემო ქართლში; 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს იგი იყო შულავერის ფრონტის შტაბის ხელმძღვანელი; 1919 წელს მისი სარდლობით ქართულმა ჯარმა დაამარცხა „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ (ე.წ ყარსის რესპუბლიკის ჯარები), აიღო ახალციხე და არდაგანი; 1920 წლის მაისში, მისი მთავარსარდლობით საქართველომ საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შეტევა მოიგერია; 1918-1921 წლებში ჩაახშო რამდენიმე ანტისახელმწიფოებრივი აჯანყება.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილში. გარდაიცვალა 1970 წელს.

2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.