თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სისხლის დონორთა მსოფლიო დღე უანგარო დონაციის აქციით აღინიშნა

ყოველი წლის 14 ივნისს მსოფლიო სისხლის  დონორთა დღეს აღნიშნავს. ეს დღე სისხლის დონორთა მიმართ მადლიერების გამოხატვას ემსახურება და ასევე, რეგულარული უანგარო დონაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. საქართველოში სისხლის გადასხმა სჭირდება წელიწადში 10-15 ათას ადამიანს; ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით კი შესაძლებელია 3 ადამიანის სიცოცხლის ხსნა.

2021 წლის 14 ივნისს  სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა უანგარო დონაციის აქცია. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შპს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა“,  თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (EMSA).

თსსუ-ში სისხლის უანგარო დონაციის აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა  და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ასევე, საუნივერისტეტო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებმა და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა.

"გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე!".