თსსუ-ის ვიცე რექტორი ხათუნა თოდაძე რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე

2021 წლის 7-8 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ მონაწილეობა მიიღო რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ  საქართველოს  30-ზე მეტი აკრედიტებული უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების რექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

კონფერენციაზე თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიური მდგომარეობის დაძლევის მიზნით სხვა  უნივერსიტეტის წარმომადგენლებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  პოზიცია გაუზიარა, რომელიც უნივერსიტეტის პროფესურის, სტუდენტების, რეზიდენტების და მკვლევარების მასობრივ ვაქცინაციაში ჩართვას გულისხმობს. 

როგორც პროფესორმა ხათუნა თოდაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის და სტუდენტების 40%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია, უნივერსიტეტმა დამატებით მოუწოდა თანამშრომლებს და სტუდენტებს, გამოიყენონ დიდი ძალისხმევით შექმნილი შესაძლებლობა და მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში. გარდა ამისა,  მართვის კოლეგიურ ორგანოებში იგეგმება საკითხის განხილვა მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო აუდიტორიებში, კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში მხოლოდ ვაქცინირებულთა დაშვების შესახებ (უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში).

ამ საკითხთან დაკავშირებით, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ დამსწრე საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივაც გააცნო. კერძოდ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობა და სტუდენტთა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები საქართველოში იწყებენ საინფორმაციო კამპანიას #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის

,,გთხოვთ, შეუერთდეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კამპანიას და მოუწოდოთ თქვენი უნივერსიტეტების თანამშრომლებსა და სტუდენტებს 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში“, - განაცხადა თსსუ-ის ვიცე-რექტორმა.