ძვირფასო კურსდამთავრებულებო! დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა თქვენს ცხოვრებაში - დასრულდა სტუდენტობა და აი, უკვე თქვენი პროფესიის საპასუხისმგებლო გზაზე გასასვლელად და ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადებით. ის ურთულესი დრო, რომელიც თქვენს სტუდენტობას დაემთხვა, ბევრი კარგი მაგალითის მომცემი გახდა: თავადაც გამოცადეთ, რას ნიშნავს იდგე ხალხის ჯანმრთელობის სამსახურში, მით უმეტეს, მაშინ, როცა მსოფლიო უდიდესი პრობლემის - პანდემიის წინაშე დგას. ეს წლები, დარწმუნებული ვარ, ერთგვარ გამოცდილებად დარჩება თქვენს ცნობიერებაში და მომავალში კიდევ უფრო მეტი მობილიზებით გააგრძელებთ სწავლასა და მუშაობას.
უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ! თქვენ სტუდენტობაშივე ღირსეულად წარადგინეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოების წინაშე. თქვენი მშობლიური უნივერსიტეტი თვალს გადევნებდათ, როგორ მუშაობდით COVID-19-ის დასამარცხებლად - სწავლობდით და შრომობდით პანდემიის პირობებში. თქვენ იყავით სამაგალითონი ჰოსპიტლებში, კოვიდ-სასტუმროებში, საკარანტინო ზონებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში (112). თქვენ დაუღალავად შრომობდით თქვენი მენტორების, გამოცდილი ექიმების გვერდით და, პარალელურად, კლინიკურ სწავლებას ახერხებდით. თქვენი მონაწილეობით არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით და გვეამაყებით!
ქვეყნის სამსახური ჩვენი უნივერსიტეტის დიდი ოჯახის ყველა წევრს ერთ ღირსეულ, მიზანდასახულ გუნდად აქცევს. ამ გუნდის წევრობა თქვენი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც!
დამეთანხმებით, რომ თქვენი Alma Mater-ი ყველაფერს აკეთებდა თქვენთვის! ჩვენ არაერთი მიღწევა გვქონდა, შევძელით ის, რომ ამიერკავკასიაში ლიდერი სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრის საპატიო პოზიცია არ დაგვეთმო!
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აკადემიური გამარჯვების შესახებ მინდა გაცნობოთ: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან მოქმედმა აკრედიტაციის საბჭომ, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების, სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების და პროცედურების მიხედვით, 2021 წლის ივნისში, უმაღლესი შეფასებით ყველა სტანდარტში საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ოთხივე საგანმანათლებლო პროგრამას: დიპლომირებული მედიკოსის ქართულ, ინგლისურ და რუსულენოვან პროგრამებს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) და უცხოელ სამედიცინო კურსდამთავრებულთა საგანმანათლებლო კომისიის (ECFMG) ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან, ევროატლანტიკურ სივრცეში აღიარებული იქნება დიპლომირებული მედიკოსის მხოლოდ ის პროგრამები, რომელთაც ექნებათ საერთაშორისო აკრედიტაცია.
ამრიგად, დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე ხორციელდება მხოლოდ უმაღლესი შეფასების მქონე, აკრედიტებული ერთსაფეხურიანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
2019 წლის მაისიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფუნქციობს სამედიცინო განათლების ევროპული ასოციაციის - AMEE-ის წარმომადგენლობა საქართველოში, AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის მსოფლიოში მესამე ცენტრი, რაც არა მხოლოდ თსსუ-ის, არამედ ქვეყნის წარმატებაა: საქართველო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გზაზე.
ეს ყველაფერი თქვენ თვალწინ მოხდა. დაწვრილებით აღარ შეგახსენებთ ყველა წარმატებას, რასაც თქვენი მშობლიური უნივერსიტეტი აღწევდა. ეს თქვენ იცით! მინდა ერთი რამ გითხრათ: ეს ძლიერი საგანმანათლებლო კერა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თქვენ მხარდაჭერას არასდროს შეწყვეტს. თქვენ ხართ ყველა იმ წარმატების ხორცშესხმული მაგალითი, რომელსაც ერთად ვაღწევდით. თქვენი მომავალი ცხოვრებით მარტო თქვენს საკუთარ ღირსებას კი არა, თქვენი უნივერსიტეტის ღირსებასაც უნდა იცავდეთ!
დღევანდელი დღე თქვენი შრომის, გარჯის, ძალისხმევის შედეგია. თქვენ ხართ ასწლოვანი ისტორიის, დიდი ტრადიციის მქონე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, სადაც ცოდნას ეუფლება მსოფლიოს 72 ქვეყნის და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების საუკეთესო ნაწილი, რაც თქვენი მაჩვენებლებით დაამტკიცეთ მაშინ, როცა ჩააბარეთ ამ უნივერსიტეტში და ახლაც, როცა ამთავრებთ მას!
დარწმუნებული ვარ, მზად ხართ იმ პასუხისმგებლობისთვის, რაც ექიმის საქმიანობას მუდმივად ახლავს. ბევრი თქვენგანი სწავლას გააგრძელებს რეზიდენტურასა და დოქტორანტურაში; ზოგი მოისურვებს მაგისტრატურაში სწავლას ამა თუ იმ სპეციალობით ან დაგვიბრუნდება თსსუ-ის თეორიულ დეპარტამენტებში დღეს გზაგასაყართან დგახართ და არჩევანი უნდა გააკეთოთ, რა მიმართულებით ივლით პროფესიული სრულყოფის გზაზე.
მინდა გითხრათ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თავისი კურსდამთავრებულების მხრებზე დგას, რომლებმაც ბევრი გააკეთეს და დღესაც არ იშურებენ ძალისხმევას მისი განვითარებისა და მომავალი თაობის პროფესიული დახელოვნებისთვის; დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი დაბრუნდება აქ პროფესორად, ასოცირებულ პროფესორად, ასისტენტ-პროფესორად და გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც თქვენმა წინამორბედმა თაობებმა ჩაუყარეს საფუძველი. მინდა გისურვოთ იყოთ ისეთივე წარმატებულები, როგორიც ამ უნივერსიტეტის საამაყო და სახელოვანი კურსდამთავრებულები, რომ ამ უნივერსიტეტისთვის გააკეთოთ ის, რაც მათ შეძლეს...
დარწმუნებული ვარ, მცდელობას არ დააკლებთ, რომ თქვენმა Alma Mater-მა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, მუდამ იამაყოს თქვენი გამარჯვებებით!..
წინ საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესიული გზა გელით! წარმატებით იარეთ ამ გზაზე, კოლეგებო!
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი,
პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია