ლექციები სტუდენტებთან, კონსულტაციები პაციენტებთან და საჩვენებელი ოპერაციები - თსსუ-ის მოწვევით თბილისში გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვევით საქართველოში 2021 წლის 26-29 ოქტომბერს გერმანიის ქ. დუისბურგის ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის ქირურგები იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებმა, მოწვეულმა პროფესორებმა, დუისბურგის ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის მთავარმა ექიმმა ჰელმუტ ზიბერმა და დუისბურგის ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის ქირურგმა ვიქტორ ვაილერტმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები: „ყბა-სახის მიდამოს სიმსივნეები“ და „ზედა ტუჩისა და სასის ნაპრალების დიაგნოსტიკა და მკურნალობა“.


                                   

ვიზიტის ფარგლებში, 27-29 ოქტომბერს გერმანელმა ქირურგებმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას მონაწილეობით, თსსუ - ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში პაციენტებისთვის კონსულტაციები და საჩვენებელი ოპერაციები ჩაატარეს.  

ჯამში კონსულტაცია გაეწია 20-მდე პაციენტს, აქედან 11 - ს ჩაუტარდა საჩვენებელი ოპერაციები, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.