სამუშაო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ერასმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის, SQUARE ფარგლებში

Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის, SQUARE (მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა პარიზის ხელოვნებისა და ხელობის ეროვნული კონსერვატორიის პროფესორი კარიმ მედჯადი.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ, იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა მსხილაძემ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ჭიჭინაძემ და ერასმუს+ პროექტის ინსტიტუციურმა კოორდინატორმა ნინო კანდელაკმა.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს უკვე განხორციელებული აქტივობების მიმდინარეობა და პროექტის განხორციელების სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, პროექტის განხორციელებაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გარდა მონაწილეობას იღებს 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, ასევე, საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მესამე მისიის მნიშვნელობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასებისთვის სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით უზრუნველყოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეთოდოლოგია.

პროექტის მიზანია შეიქმნას მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მესამე მისიის როლს ეროვნულ დონეზე, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტს.