თსსუ-ში ჩატარდა კონფერენცია თემაზე - რადიაციული რისკის მართვის თანამედროვე მიდგომები ურბანულ ზონებში (სისტემებში)

2021 წლის 16 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია  თემაზე: "რადიაციული რისკის მართვის თანამედროვე მიდგომები ურბანულ ზონებში (სისტემებში)". ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

კონერენციას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, რეზიდენტები, სტუდენტები.

ღონისძიება გახსნეს და დამსწრე საზოგადიებას მიესალმნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჭავჭავაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა, თსსუ-ის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე, თსსუ-ის რადიოლოგიის მიმართულების  პროფესორი ოთარ ურუშაძე,  ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ორმოცაძე. 

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პაციენტთა რადიაციული დაცვის განყოფილების სპეციალისტმა, პროფესორმა ჟ. ვასილეივამ (ვენა, ავსტრია), კრეტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სამედიცინო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა ჯ. დამილაკისმა (საბერძნეთი), კოიმბრას ჯანმრთელობის სკოლის პროფესორმა გ. პაოლომ (პორტუგალია), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა:  ა.ჭავჭავაძემ და მ.ბაიდაურმა, თსსუ-ის პროფესორებმა: თამარ სანიკიძემ, ოთარ ურუშაძემ, ლევან რატიანმა, ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერებმა: გ. ორმოცაძემ, მ. მანწკავამ, მ. გოგებაშვილმა.

მომხსენებლებმა განიხილეს რადიაციული რისკების შეფასებისა და მართვის თანამედროვე საკითხები, ამ სფეროში მოღვაწე მედიცინისა და ჯანდაცვის პროფესიონალთა მომზადება-გადამზადების საკითხები,  რადიაციულ რისკებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების გზები, COVID-19 პანდემიის პირობებში სხივური ვიზუალიზაციის მეთოდების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისა და რადიო-ინდუცირებული დაზიანებების შესაძლო ადრეული მგრძნობიარე მარკერების მოძიების ასპექტები.