პროფესორ რევაზ კვერენჩხილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო თსსუ-ში

2021 წლის 26 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ რევაზ კვერენჩხილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც უძღვებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ციმაკურიძე. 

ღონისძიებაზე რევაზ კვერენჩხილაძის ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. 

საღამოზე ნაჩვენები იყო ფრაგმენტები ბატონ რევაზ კვერენჩხილაძის ლექციიდან.

რევაზ კვერენჩხილაძე ბრძანდებოდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თსსუ-ის გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; ეკოლოგიისა და ცხოველმყოფელობის უსაფრთხოების მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ექსპერტი, შრომის მედიცინის სფეროში ვიცე-პრეზიდენტი, ასოციაცია "გარემოს მედიცინა" - პრეზიდენტი.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა სამაგისტრო პროგრამის „გარემოს მედიცინა“ ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რომელიც წარადგინა რევაზ კვერენჩხილაძის შვილიშვილმა, თსსუ-ის  მაგისტრანტმა, სანდრო კვერენჩხილაძემ.