მონაკოში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებით გამართულ კონფერენციას თსსუ-ის პროფესორები ესწრებოდნენ

2021 წლის 25 – 27 ნოემბერს მონაკოში  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სპორტში დაზიანებების და დაავადებების პრევენციის საკითხებზე. 

კონფერენციაზე ოფიციალურად მიწვეული იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, დეკანის მოადგილე ასისტენტ-პროფესორი ნინო ცხვედიანი და ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ კახაბრიშვილი. 

ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მიესალმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი

აღსანიშნავია, რომ ტედროს ადანომ გებრერიუსმა ხაზი გაუსვა კოვიდ პანდემიის პირობებში სპორტსმენთა უსაფრთხო ასპარეზობას, ფიზიკური კონდიციის შენარჩუნებასა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას კოვიდის შემდგომ აღდგენის პროცესში. 

კონფერენციის ფარგლებში თსსუ-ის პროფესორი ლელა მასხულია კარდიოლოგთა ჯგუფის მუშაობაში ჩაერთო. ჯგუფმა სპორტსმენებში გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე COVID-19-ის შემდგომი გართულებები, მათი გამოვლენის და მართვის ოქმები და აღნიშნული მიმართულებით სამეცნიერო კვლევის პერსპექტივები განიხილა.

თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ კახაბრიშვილმა კოლეგებს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მომზადებისა და ასპარეზობის პერიოდში, სპორტსმენთა ტრავმებისა და მკურნალობისას მიღებული გამოცდილება გაუზიარა. 

ღონისძიების მიმდინარეობისას, ასევე, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა იტალიელ (Foro Italico University of Rome) და ბრიტანელ (St George’s University of London) კოლეგებთან, დაისახა მათთან მომდევმო კოლაბორაციის გეგმები, მათ შორის - ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საკითხები.