ანტირაბიული სამედიცინო დახმარების ცენტრი 25 წლისაა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბაზაზე არსებული ანტირაბიული სამედიცინო დახმარების ცენტრი უკვე 25 წელია წარმატებით მოღვაწეობს.

ანტირაბიული სამედიცინო დახმარების ცენტრის დაარსების ისტორია 1996 წლიდან იწყება. ამავე წელს, ცენტრის დაარსებას წინ უძღოდა საგანგაშო სტატისტიკა - საქართველოში ცოფით 21 ადამიანი გარდაიცვალა.

1996 წელს ანტირაბიული სამედიცინო დახმარების ცენტრი თბილისის ბავშვთა N2 მრავალპროფილური კლინიკის ბაზაზე (ამჟამად თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა) ქალაქ თბილისის მთავარი რაბიოლოგის, თეიმურაზ გოგიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა.

როგორც ანტირაბიული სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თეიმურაზ გოგიძე აღნიშნავს, 1996 წლიდან ანტირაბიული სამედიცინო დახმარების ცენტრი გახდა წამყვანი სამსახური ცოფის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის მასშტაბით.

ბატონ თეიმურაზის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ცოფის შემთხვევების საგრძნობლად კლება. ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია ცხოველებისგან დაზარალებულთა მიმართვიანობის ზრდა და მათი შემდგომი ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის მიერ რეცენზირებულია 2014 წლიდან მოქმედი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია/გაიდლაინი, მომზადებულია სამეცნიერო პუბლიკაციები ცოფზე, ტეტანუსზე, მათ პროფილაქტიკაზე. მედიაში განხორციელებულმა საინფორმაციო ღონისძიებებმა აამაღლა ცნობადობა აღნიშნული დაავადებების მიმართ, შესაბამისად იმატა  მომართვიანობამ, რაც აისახა შედეგზე: საქართველოში 5-ჯერ შემცირდა ჰიდროფობიით გარდაცვლილთა რაოდენობა, ხოლო 3 წლის (2015-2017 წ) განმავლობაში კი ადამიანებში  ცოფის არცერთი შემთხვევა  არ დაფიქსირებულა.